LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონდი „ქართუ” : 20 წელია გიორგი შენგელაია, დახმარების სახით, თვეში 3000 ლარს იღებს

104

საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ადმინისტრაცია რეჟისორ გიორგი შენგელაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ფონდ „ქართუს“ განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გიორგი შენგელაიას ფონდის დახმარება შეუწყდა, სიმართლეს არ შეესაბამება.განცხადებაშია ნათქვამია, რომ რეჟისორს საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია და ის ყოველთვიურად, ისევ იღებს 3000 ლარს.

ფონდი „ქართუს“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რეჟისორ გიორგი შენგელაიასთვის ფონდი „ქართუს“ ფულადი დახმარების შეწყვეტის თაობაზე. ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ფონდის ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს კომენტარი.

პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. გ. შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით. შენგელაია არის ფონდის ერთ-ერთი უძველესი ბენეფიციარი, ფულად დახმარებას ის იღებს თითქმის 20 წლის განმავლობაში. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ყოველთვიური სტიპენდიისა, ფონდმა დააფინანსა მისი მხატვრული ფილმის „მიდიოდა მატარებლის“ გადაღება.

ფონდი „ქართუ“ ერთ-ერთი უძველესი და უდაოდ ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. თავისი არსებობის 23 წლის განმავლობაში ფონდმა დახმარება გაუწია ათასობით ხელოვანს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს. ამავე დროს, ფონდის ისტორიაში არ არსებობს არც ერთი პრეცედენტი, რომ ფონდს შეეწყვიტა ფულადი დახმარების გაცემა ბენეფიციარისთვის მისი პოლიტიკური ან მსოფლმხედველობითი შეხედულებების გამო. თუმცა, 2012 წელს ფონდის ზოგიერთმა ბენეფიციარმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავად თქვა უარი ფონდის დახმარებაზე. მაგალითისთვის შეიძლება ისეთი პირების დასახელება, როგორიც არიან: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, არტისტი ვახტანგ კიკაბიძე, სპორტსმენი ნანა ალექსანდრია და სხვა.

რიგ შემთხვევაში, იმავე პოლიტიკური მოტივით ფონდის დახმარებაზე უარის თქმა მოხდა კოლექტიურადაც, კერძოდ კახიძის მუსიკალური ცენტრის, მუსკომედიის თეატრისა და სხვა დასებისმხრიდან.

მოგეხსენებათ, რომ ფონდი „ქართუს“ ერთადერთ დონორს წარმოადგენს ივანიშვილების ოჯახი. ვინაიდან გიორგი შენგელაიამ არაერთგზის საჯაროდ გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი და გამოხატა თუ რაოდენ მიუღებელია მისთვის ბიძინა ივანიშვილის პიროვნება, ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი ამჟამინდელი პოზიცია განპირობებებულია პოლიტიკური შეუთავსებლობით. ფონდის გამგეობა დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა გიორგი შენგელაიას სურვილი, სხვების მსგავსად, თავისი ინიციატივით უარი ეთქვა ფონდის დახმარებაზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორს. პასუხად შევიტყვეთ, რომ შენგელაიას ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, არა თუ არ სურს მის ფულზე უარის თქმა, არამედ სასამართლოშიც კი უჩივლებს ფონდს, თუ მას ამ დახმარებას შეუწყვეტენ. შენგელაიას პასუხის შემდეგ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ბოლოდროინდელი საჯარო აქტიურობის მამოძრავებელ მოტივს არა პოლიტიკური, არამედ პირადი ხასიათის სარჩული გააჩნდეს. წლების განმავლობაში შენგელაია უკმაყოფილო იყო მისი სტიპენდიის ოდენობით და თვლიდა, რომ მას სხვა ბენეფიციარების მსგავსად უფრო მაღალი ფულადი დახმარება უნდა მიეღო. წლების განმავლობაში ის ითხოვდა ყოველთვიური დახმარების 5000 ლარამდე გაზრდას. ამ საკითხის განხილვისას ფონდის ადმინისტრაცია ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ გ. შენგელაიასთან ერთად ფონდის დახმარებას მისი ოჯახის სხვა წევრიც იღებს და ამიტომაც არ თვლიდა მიზანშეწონილად მისი სტიპენდიის დამატებით გაზრდას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფონდის გამგეობის აღნიშნული პოზიცია გ. შენგელაიას გაღიზიანებას იწვევდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვფიქრობთ რომ უკანასკნელი დღეების აურზაურის მიზეზს შესაძლოა სწორედ ეს გარემოება ედოს საფუძვლად. ბოლოს ცალსახად უნდა ითქვას, რომ მსგავსი თემების შესწავლა და განხილვა ფონდის გამგეობის პრეროგატივა და ვალდებულებაა. შესაბამისად, ფონდის გამგეობას საქმის კურსშიც კი არ ჩაუყენებია ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია ფონდი “ქართუს“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები