LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო საავიაციო რალის უმასპინძლებს

120

ავიაკომპანია „სერვისეარის“ და ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ Rallye Aéro France-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის უმასპინძლებს.

ევროპულმა რალიმ 16 ივნისს, საფრანგეთში აიღო სტარტი. დადგენილი განრიგით, სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის და თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენის შემდეგ, 23 ივნისს, 18 ერთეული მცირე ზომის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. საჰაერო ხომალდების მფლობელები, პილოტები და მათი თანმხლები ტურისტები საქართველოში ერთ კვირას დაჰყოფენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ფრენის გეგმების მიხედვით, საავიაციო რალის ქართული ნაწილი შემდეგი მარშრუტით წარიმართება: 24 ივნისს გაფრენა ბათუმიდან ნატახტარის აეროპორტში, 25 ივნისს გაფრენა ნატახტარიდან თელავის მიმართულებით, 26 ივნისს დაბრუნება ნატახტარის აეროპორტში, 27 ივნისს გაფრენა მესტიაში და 28 ივნისს გამოფრენა მესტიიდან ქუთაისში. 29 ივნისს, საჰაერო ხომალდები დატოვებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამსუნის მიმართულებით გაემგზავრებიან.

რალის მონაწილე საჰაერო ხომალდებს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვა, სააგენტოს მიერ, 20 ივნისს მიენიჭა. დოკუმენტაციის შესწავლას და Rallye Aéro France-სთვის ტექნიკური ხასიათის კონსულტაციების გაწევას საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მიმდინარე წლის თებერვლიდან ახორციელებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები