ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პროექტის „შემოდგომის ლეგენდა 2021“ იმპროვიზაციულ ტურს წელს ბაკურიანმა უმასპინძლა.
„ჯიბეში ნაპოვნი ნივთ(ებ)ი“ – ამ თემაზე კონკურსის მონაწილეები, 12 საათის განმავლობაში, ახალ ნაშრომებს ქმნიდნენ.
პროექტი, რომელიც 12 წლის განმავლობაში კახეთში იმართებოდა, წელს ბაკურიანში, Rooms Hotel Kokhta -ს სასტუმროში გაიმართა.
კონკურსის ორგანიზატორებმა ფინალისტებსა და ჟიურის წევრებს სამი დაუვიწყარი დღე შესთავაზეს, რომელიც გაჯერებული იყო ბუნებით, სიმშვიდით, ლიტერატურაზე საუბრებითა და ახალი იდეებით.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმა მიიღეს.
წელს, პროექტში 550-მდე ნაშრომი იყო წარმოდგენილი.
„წელს უპრეცედენტო რაოდენობის განაცხადი შემოვიდა კონკურსზე როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლებიდან. ფინალისტებს მიეცათ დავალება საინტერესო თემაზე – „ჯიბეში აღმოჩენილი ნივთი ან ნივთები. თუმცა, გამარჯვებული აქ უკვე ყველა ფინალისტია. მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა. მისასალმებელია, რომ ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება ლიტერატურით და მწერლობით“, – განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
თსუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ნინო წიწავა „შემოდგომის ლეგენდით“ დიდი ხანია დაინტერესდა და ფინალში მოხვედრა მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
„ეს არის პროექტი, რომლითაც დაინტერესებული ვიყავი რამდენიმე წელიწადი. ძალიან გემოვნებიანი ჟიური აფასებს ნამუშევრებს და შესაბამისად, აქ მოხვედრაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოს ლიტერატურის მოყვარულმა ადამიანმა და მომავალმა მწერალმა,“ – ამბობს ნინო წიწავა და გვიმხელს, რომ ახალ ნაშრომში იმ მნიშვნელოვანი მესიჯის ჩადებას ფიქრობს, რომელიც სასიკეთო გავლენას მოახდენს მკითხველზე.
მეორე წელია, რაც კონკურსში მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკა ტყეშელაშვილი.
„უკვე მეორედ ვარ შემოდგომის ლეგენდის ფინალისტი. წინა წელს პროექტმა გაამართლა ჩემი იმედები, სასიამოვნო იყო კარგ გარემოში წერა და შემოქმედებითი ნიჭისთვის უფრო ფართო გზის მიცემა. ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობაა გამოაჩინო თავი და თქვა შენი სათქმელი, რასაც ამდენ ხანს ფიქრობ და გინდოდა გეთქვა“,- აღნიშნა მან.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ტრადიციულად ორ ეტაპად იმართება. პირველ ტურში სტუდენტები კონკურსის აპლიკაციას ავსებენ და ნებისმიერი სახის პროზაულ ნაშრომს აგზავნიან (თემა და ჟანრი შეუზღუდავია); შემოსული ნაშრომებიდან, შიდა შესარჩევმა ჟიურიმ, რომელიც გასული წლების გამარჯვებულების ბექა ადამაშვილის, სალომე მხეიძის და ლიტერატურული ჟიურის წევრის სალომე ბენიძისგან შედგება, გამოავლინა 10 ფინალისტი, რომლებმაც იმპროვიზაციულ ტურში ახალი ნაშრომები შექმნეს.
„ფორტუნა“ ჟიურის წევრებს ესაუბრა:
„ვფიქრობ, თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია, რადგან ემსახურება ახალი ქართული მწერლობის მთავარი საინტერესო სახეების აღმოჩენას და ეს უკვე დამტკიცდა იმ წლების განმავლობაში, რაც ტარდება „შემოდგომის ლეგენდა“. არაერთი ახალგაზრდა აღმოაჩინა კონკურსმა და გამოიყვანა სამწერლო ასპარეზზე, რომლებმაც შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელეს წერა. ამ პროექტმა თანამედროვე ლიტერატურა მწერლებით მოამარაგა. – ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე „ფორტუნასთან“
თქვენ ხშირად პოულობთ ხოლმე ჯიბეში ნივთს?
„ალბათ ყველას გვიპოვია ჯიბეში რაღაც. ამ თემამ ჩვენ მოგვცა კარგი ბიძგი, გაგვეღიზიანა წარმოსახვა. მგონია, რომ მონაწილეებზეც ასე იმოქმედებს. მწერალს სჭირდება ხანდახან ძლიერი ბიძგი, რომ ღირებული შექმნას.
მწერლები ზარმაცები არიან და როდესაც მას შეზღუდავ გარკვეულ დროსა და სივრცეში, მათ მობილიზებას უწყობ ხელს.
პირადად მე, როდესაც ასეთ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ – კარგი გავლენა მოუხდენია.
მონაწილეებს აღარ ვუთხარი, არ მინდოდა, მინიშნება მიმეცა, მე რომ ვწერდე, ალბათ სხვის ჯიბეში ვიპოვიდი რაღაც ნივთს, იმიტომ რომ ამას თავიდანვე კონფლიქტი შემოაქვს.
საკუთარ ჯიბეში ნაპოვნმა ნივთმა შეიძლება ბევრი რამ გაგვახსენოს და შეიძლება „დაატკბოს“ ტექსტი.
თუ სხვის ჯიბეში ნაპოვნი ნივთი არის ჩვენთვის უცნაური, ეს ნიშნავს, რომ ან გვაეჭვიანებს ეს ნივთი, ან კითხვას გვიჩენს, მეტი ინტრიგა შემოაქვს. მე უფრო ამ მიმართულებით წავიდოდი“. – გაგვანდო თავისი იდეა ლორთქიფანიძემ.
მწერალი დათო ტურაშვილი:
„კონკურსი უკვე მეცამეტედ ტარდება და პირველი, რასაც ვფიქრობ, არის როგორ სწრაფად გადის დრო.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი ტექსტიდან იგებ რა ხდება და რა არის ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული.
შვილები ხომ არ მოგიყვებიან, არ შემოდიან მშობლებთან კონტაქტში. ამიტომ ჩემთვის ეს არის ხოლმე გადასარევი ამბავი იმის გასაგებად, რა ხდება ახალ თაობაში. რა გემოვნება აქვთ, რაზე ოცნებობენ….
და ლიტერატურულადაც გასაგებია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმდენი წარმატებული მწერალია.
ყველაზე მთავარი კი წახალისებაა.მათ ასაკში მეც ვწერდი, მაგრამ ასეთი სტიმული არ მქონდა. დაჯილდოება არ ყოფილა.
წერა ჩვენსავით პატარა ქვეყანაში ტანჯვაა, მე რამდენიმე ბესტსელერის ავტორი ვარ, მაგრამ მხოლოდ წერით ვერ იცხოვრებ მარტო საქართველოში კი არა, ჩინეთშიც კი.
ვისაც უნდა, რომ იყოს მწერალი, სხვა შრომაც მოუწევს.
ამიტომ ამ ასაკში, ვინც წერს და თან ჯილდოსაც აძლევენ ძალიან კარგი სტიმულია. ჩვენი სამყარო მატერიალური გახდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულიერი საზრდო მაინც სჭირდებათ. ამაში ვერავინ გადამარწმუნებს“. – ამბობს დათო ტურაშვილი „ფორტუნასთან“.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით და პარტნიორის სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
გამარჯვებულებს ლიტერატურული ჟიური დაასახელებს, რომელიც სამი მუდმივი წევრისგან – დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, მოწვეული ორი ახალი წევრისგან – ალექსანდრე ლორთქიფანიძე და გურამ ღონღაძე, ასევე გასული წლის გამარჯვებულის გოდერძი გორგილაძისგან შედგება.
ყოველწლიურად კონკურსის ჟიურიში ქართველი მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, პუბლიცისტები, მთარგმნელები და კრიტიკოსები ერთიანდებიან.
როგორც მწერალმა მაკა ლდოკონენმა აღნიშნა, წლევანდელი თემა ძალიან ფართო შესაძლებლობებს აძლევს კონკურსანტებს მოიფიქრონ საინტერესო სიუჟეტები და შექმნან თავიანთი ნაწარმოები. „კონკურსი, უნდა აღინიშნოს, რომ ტარდება პანდემიის პირობებში. ესაა ლიტერატურული კონკურსი, რომელიც მიუხედავად რთული გარემოებებისა მაინც გრძელდება და იმ სტუდენტებს, რომლებსაც აკლიათ დღეს მსგავსი ღონისძიებები, უნიკალურ შანსს სთავაზობს“, – განაცხადა ჟიურის წევრმა მაკა ლდოკონენმა.
ჟიური გამარჯვებულებს უახლოეს პერიოდში გამოავლენენ. კონკურსის დამთავრების შემდეგ ყველა ფინალისტის ნაშრომი ერთ კრებულში მოიყრის თავს, რომელსაც ქართველი მკითხველი გაეცნობა.
ლიტერატურული კონკურსი 12 წლიანი გამოცდილებით განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შეუძლიათ.