LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკაშირი ვიზების გაცემას იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის გაამკაცრებს, რომლებიც რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ

112

ევროკაშირის ელჩებმა სავიზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირეს. როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო კოდექსის რეფორმის შედეგად, გამკაცრდება ვიზების გაცემა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ. ამასთან, სავიზო მოსაკრებელი 80 ევრომდე გაიზრდება.

„მიგრაციით ეფექტური მართვა მოიცავს იმ პირების დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ აქვთ. სავიზო კოდექსის ახალი წესები მოგვცემს კიდევ ერთ ინსტრუმენტს იმ მესამე ქვეყნებზე რეაგირებისთვის, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეების დაბრუნება არ სურთ,“ – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალენტინ რადევმა.

ამასთან, როგოც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ახალი ცვლილებები დადებითი ისტორიის მქონე მოგზაურებისთვის პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, ელექტრონულად შეავსონ აპლიკაცია და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში, თავად განსაზღვრონ, თუ რომელი ქვეყანა განიხილავს მათ აპლიკაციას. ამას გარდა, დადებითი ისტორიის მქონე ვიზიტორებისთვის მრავალჯერადი ვიზის გამოყენების პერიოდი ეტაპობრივად გაიზრდება ერთიდან ხუთ წლამდე.

სავიზო კოდექსის რეფორმის საკითხზე ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების პროცესს დაიწყებს.

ევროკომისიამ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა 2018 წლის 14 მარტს წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები