საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ახალი პროექტის – მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის – „ელექტრონული ჟურნალის“ – პრეზენტაცია გამართა.
ინოვაციური პროექტის საშუალებით, სემეკი რეალური დროის რეჟიმში მონიტორინგს უწევს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი გამანაწილებელი წყალმომარაგების ლიცენზიანტი კომპანიების მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების შესრულების პროცესს.
„ეს არის ელექტრონული პროდუქტი, რომელშიც ჩართულია ყველა გამანაწილებელი და წყალმომარაგების კომპანია. ეს არის პროგრამა, რომელიც აკონტროლებს ურთიერთობას მომხმარებელსა და კომუნალურ საწარმოს შორის. პირველ ეტაპზე მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა მომსახურების სტანდარტები, ანუ როგორ ეკონტაქტება კომპანია მომხმარებელს მაგალითად მაშინ, როდესაც იგი მიმართავს აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით. კომისიის მიერ დადგენილია სტანდარტები. მაგალითად, რა ვადაში უნდა გაეცეს მომხმარებელს პასუხი და თუ ამ ვადაში არ მოხდა პასუხის მიღება, გათვალისწინებულია კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. კომპენსაციის ოდენობა განსხვავებულია სტანდარტების მიხედვით, თუმცა ძირითადად არის 5 ლარი ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ლარი იურიდიული პირის შემთხვევაში,“ – განაცხადა ირინა მილორავამ.
მისივე თქმით, როდესაც მომხმარებელი კომუნალურ კომპანიას მიმართავს, კომპანია ვალდებულია, ჟურნალში მიმართვის დოკუმენტი ატვირთოს. როგორც მილორავამ აღნიშნა, ეს სემეკს საშუალებას აძლევს, რომ მონიტორინგი აწარმოოს, რამდენად არის კომპანიების მხრიდან მომსახურების ხარისხის სტანდარტები დაცული.
სემეკ-ის ინფორმაციით, „ელექტრონული ჟურნალის“ საშუალებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის პერიოდში სტანდარტების დარღვევისთვის, გამანაწილებელი კომპანიების მიერ აბონენტებზე გაცემული კომპენსაციების ოდენობამ 2 164 520 ლარი შეადგინა.