ოქტომბრიდან მიმოქცევაშია ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების “Post Europe” – ის ეგიდით შექმნილი საფოსტო მარკა, რომელზეც გამოსახულია გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და ბექობის არწივი. მარკის საჯარო პრეზენტაცია კრწანისის ტყე-პარკში მოეწყო, რომლის ფარგლებშიც დაირგო 150 ერთეული საკმლის ნერგი, ასევე მოეწყო “National Geographic” – ის ორგანიზებული ფოტოგამოფენა. პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია კომპანია „საქართველოს ფოსტამ“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, აგრეთვე სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, სს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, აგრეთვე, სპეციალურად ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვია „Post Europ“- ის წარმომადგენელი მაირე ლოდი.
“Post Europe” აქციას, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გადაშენების პირას მყოფი მცენარეების მიმართ, 2012 წლიდან ახორციელებს. ინფორმაცია საქართველოს მარკის შესახებ ევროპის მასშტაბით გავრცელდება, შედეგად, გაიზრდება იმ აუდიტორიის რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 150 ძირი საკმლის ხის ნერგი დაირგო. შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე იშვიათი ადგილობრივი ჯიშის ხის კორომი გაშენდება.
მარკის ავტორია გიორგი მამულაშვილი. მარკა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან არის მიმოქცევაში.