სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს, ის გლდანის ციხის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა ომბუდსმენის აპარატს არ დაუდასტურეს, რომ მესამე პრეზიდენტი იქ იმყოფებოდა.
ნინო ლომჯარიას თქმით, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სწორედ ამიტომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ამასთან დაკავშირებით მას დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მისი წარმომადგენლები უკვე გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან.
„მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ სავარაუდოდ, ის გაიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან, ვცდილობდი დაკავშირებას ყველა შესაბამის უწყებასთან. დაახლოებით 1 საათის წინ, გლდანის ადმინისტრაციამ არ დაგვიდასტურა, რომ იქ იყო მიყვანილი პატიმარი, თუმცა ამ წუთს მდგომარეობით გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ შესაძლოა იყოს იქ.
ჩემი ვარაუდით, მისი მდგომარეობა დამძიმდა, მესამე დღე იყო უკვე, რაც მან უარი განაცხადა იმ ვიტამინების, მედიკამენტების და საკვები დანამატების მიღებაზე, რასაც ის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იღებდა, სავარაუდოა, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა და შესაძლებელია გახდა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ „მთავარი არხის“ეთერში.
შეგახსენებთ, რომ პენიტენციური სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს
გიული ალასანია: ჩემი შვილი თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს