LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მიდის და ვინ რჩება – როგორია ბახტაძის გეგმა

ახალი პრემიერი უდრის ახალ მთავრობას. მინისტრთა კაბინეტის ძირეული ცვლილებები, რომელსაც თან სამინისტროების გამსხვილებაც მოჰყვება, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა.

ახალი პრემიერის ინიცირებული მცირე მთავრობის კონცეფცია  მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიულ და მოქნილ აღმასრულებელ ორგანოს გულისხმობს.

 სტრუქტურული ცვლილებები 6 სამინისტროს შეეხება, შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

სამინისტროების გამსხვილების წინასწარი სცენარი ასეთია: ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს უერთდება, განათლების სამინისტრო შესაძლოა, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაერთიანდეს. ცვლილებები შეეხება ძალოვან უწყებასაც. გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების უწყება იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება. სტრუქტურული ცვლილება არ შეეხება მთავარ პროკურატურას.

ორი ძალოვანი უწყების გაერთიანებაზე მიმდინარე დისკუსიას მმართველი გუნდის ერთ-რთი ლიდერი, ეკა ბესელია ადასტურებს.

„იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანება მსჯელობის საგანია. გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ, როცა მთლიანობაში დავინახავთ ამ სტრუქტურულ ცვლილებებს. რაც შეეხება პროკურატურას, ის არ შედის ამ სტრუქტურული ცვლილებების ჩამონათვალში, იმიტომ რომ კონსტიტუციური ცვლილებებით, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოდის და ის იქნება დამოუკიდებელი უწყება. არ იქნება არცერთი სამინისტროს ქვეშ და მხოლოდ პარლამენტთან ექნება ანგარიშვლადებულება,” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მმართველ გუნდში კიდევ ერთი ვერსიაც განიხილება, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკა გამოეყოფა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, ვერსიის დონეზე განიხილება დევნილთა სამინისტროს ჯანდაცვის უწყებასთან მიერთების საკითხიც.

ახალი სამინისტროები ახალი მინისტრები

 

 

სამთავრობო ცვლილებების ტალღას ქვეყანში ახალ სამინისტროებთან ერთად, ახალი მინისტრებიც მოჰყვება.

„განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან “ – პრემიერმინისტრობის კანდიდატი სამთავრობო გუნდის ახალი წევრების ვინაობას არ ამხელს, თუმცა ვინ ვერ იქნება ახალ გუნდში, ამაზე უმრავლესობის წევრები მაინც საუბრობენ.

„ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი კახიანმა უკვე დაადსატურა, რომ ახალ გუნდში ვერ მოხვდებიან საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები, მმართველი გუნდის სხვა წევრები კულუარებში, სასჯელაღსრულების მინსტრ კახა კახიშვილის მთავრ პროკურორობაზეც საუბრობენ, პარალელურად ამ პოსტზე განსახილველ კანდიდატად რჩება შსს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილიც.

სამთვრობო ცვლილებების მთავარი ინტრიგა – თეა წულუკიანის პოსტი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ვიხილავთ თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში  წულუკიანს, ამ კითხვას დღეს მმართველი გუნდის არცერთი წევრი არ პასუხობს.

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას „მთავრობის სტრუქტურული საქმიანიობის შესახებ“ კანონში ცვლილება სჭირდება, რაც ახალი მთავრობის დამტკიცებას დროში ვერ ემთხვევა. საკანონმდებლო პროცედურების და ვადების დაცვის მიზნით, პარლამენტს ჯერ ძველი და შემდეგ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ორჯერ მოუწევს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ნდობის მისაღებად პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობა წარდეგინა. წარდგენისას საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები  ფორმალურად მოადგილეების სახით არის წარმოდგენილი.

 

ოპოზიცია და ბახტაძის გეგმა

 

„ფაქტობრივად არაფერი იცვლება“ – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, მისი გუნდი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარს არ დაუჭერს.

არცერთი ძალოვანი მინისტრი არ იცვლება, არ იცვლება იუსტიციის მინისტრი, მაშინ როცა აქციების მიზანი და ხალხის მთავრი მოთხოვნა სწორედ ეს ცვლილებები იყო, ეს არ იქნა ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული. იცვლება მთავრობა, არ იცვლება პოლიტიკა. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, მხარს დავუჭერთ სამინისტროების გამსხვილებას, თუ ეს წინა გაერთიანების შემთხვევებივით ფორმალურად არ მოხდება,“ – ამბონს რომან გოცირიძე.

ახალ, მაგრამ დროებით მთავრობას არ ექნება „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერაც. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი შუალედური მთავრობის დამტკიცებაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს და მცირე მთავრობის შემადგენლობის წარდგენას ელოდება.

„დაველოდებით მცირე მთავრობის შემადგენლობას, რომელიც რეალური მთავრობა იქნება. მოვისმენთ პრემიერის ხედვას, კონკრეტულ პროგრამებს, რას გულისხმობს, რას მოიცავს და აქტიურად ჩავერთვებით განხილვებში,“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.

“პატრიოტთა ალიანსის” მსგავსად, ახალ მთავრობას მხარს არ უჭერს მაგრამ პროგრამის განხილვებში ჩაერთვება “ევროპული საქართველოც”.

„ოპოზიცია არასდროს არ უჭერს მთავრობას მხარს, ეს არის ბუნებრივი გაყოფა. დაუჭირო მხარი მთავრობას  ნიშნავს პასუხისმგებლობას იღებ მის საქმიანობაზე ან კოლიციაში ხარ მათთან. მხარს არ ვუჭერთ მთავრობას, მაგრამ დავინტერესდებით, მისი პროგრამით და ხედვით სხვადასხვა მიმართულებით,“-აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი  გიგი წერეთელი.

განახლებული მთავრობის სტრუქტურა და მინისტრთა კაბინეტის ახალი სახეები მმართველ გუნდში ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კონსულტაციები პრემიერობის კანდიდატ გიორგი ბახტაძესთან მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება. მცირე მთავრობა საქართველოს სავარუდოდ, ივლისის შუა რიცხვებისთვის ეყოლოება.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები