ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის საქართველო €40 მლნ-ს მიიღებს. გერმანიისა და საქართველოს მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმდა.
როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველო მიიღებს უპრეცედენტოდ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას, 40 მლნ ევროს, რეგიონულ კონტექსტში ბუნების კონსერვაციის, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების შემდგომი განვითარების მიზნით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საგრანტო პროექტის “ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში” მიზნად ისახავს საქართველოში დაცული ტერიტორიების და სატყეო სექტორის განვითარებას.
6-წლიანი საგრანტო პროგრამა, უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების სისტემის და ასევე, სატყეო სექტორის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებას აჭარის რეგიონისთვის. პროექტის მიზანია ერთის მხრივ, საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარების და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020-21 წლებში, გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის უკვე გამოყოფილია 34 მლნ ევროს ოდენობის საგრანტო დახმარება, რასაც დაემატება 43 მლნ ევროს ოდენობის გრანტი. შესაბამისად, გერმანიის უპრეცედენტო მხარდაჭერით, 2020-2030 წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმევა საქართველოში უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის.