LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ შეიძლება ამ ქვეყნის ჩაბარება ივანიშვილისთვის” – რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

63
BeFunky-collage (7)

როდესაც მთავარი კონსტიტუციური უფლება – არჩევანის უფლება არ არსებობს, იქ არ არსებობს არც ქვეყანა. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რომ ქვეყანა, რომლის გამოც ვიბრძოლეთ, გადაიქცეს ისეთ ქვეყანად, რომელსაც მსოფლიო რუკაზე ადგილი არ ექნება, – ამის შესახებ “ფორტუნას” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნუგზარ წიკალურმა განუცხადა.

ის რუსთავის ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება და აქციის სხვა მონაწილეთა მსგავსად, აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა დღეს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

როგორც მან “ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნა, პროტესტმა,  რომელიც პარტიამ დაიწყო, ყველა გააერთიანა, რაც შეხება ფორმებს, წიკლაურის განმარტებით, საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იქნება და ამასთან, რუსთავის ციხე არ იქნება ერთადერთი არეალი, სადაც აქციები გაიმართება.

“საქართველოს ფარგლებთ გარეთაც ვგეგმავთ ძალიან აქტიურ მოქმედებებს, სხვადასხვა ჯგუფების, რომლებიც არიან ემიგრაციაში, რათა სრულმასშტაბიანი იყოს ხელისუფლებაზე ზეწოლა. საქართველოს მოსახლეობა აიძულებს ივანიშვილს, რომ დანიშნოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები”,- აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

აქციაზე მყოფი მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, სადაც პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შესაბამისი პირობები იქნება უზრუნველყოფილი.

აქციაზე მოქალაქეებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: ”თავისუფლება მიშას”, “თავისუფლება სამშობლოს მშენებელ სააკაშვილს”. ასევე, ისმის შეძახილები: “მიშა, მიშა”. სიტყვით გამომსვლელები აცხადებენ, რომ “არ შეიძლება ამ ქვეყნის ჩაბარება ბიძინა ივანიშვილისთვის”.

ამასთან, რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. პატრულმა გზა აქციის დაწყებამდე გადაკეტა.

 

 

აქცია, რომელიც 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზად “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა დაასახელა ის, რომ სცენის აპარატურა, რომელიც აქციისთვის იყო ადგილზე მიტანილი, აქციის დაწყებამდე სამართალდამცველებმა წაიღეს და მოგვიანებით დააბრუნეს.

ამასთან, მისი თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა, რამაც ასევე დააგვიანა აქციის დაწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები