საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საჩივრების საფუძველზე, კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, გადათვლის შედეგად, აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე შედეგები უცვლელი დარჩა, გადათვლებს კი მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია:
“საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების საფუძველზე კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს. გადათვლის მოთხოვნით საჩივრები წარმოდგენილი იყო ძირითადად შემდეგი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ: “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.
აღნიშნული ორგანიზაციების მიერ საჩივრები, გადათვლის მოთხოვნით, სულ წარმოდგენილი იყო 42 საარჩევნო უბანთან მიმართებით.
აქედან, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საჩივრების განხილვამდე, გადაითვალა 3 ისეთი საარჩევნო უბანი, სადაც არ არსებობდა ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერები. ასევე საჩივრების განხილვამდე გადაითვალა 3 უბნის მონაცემები კანონმდებლობით განსაზღვრული წილისყრით გამოვლენილი უბნებიდან, ხოლო 15 განცხადება/საჩივრების საფუძველზე.
გადათვლის შედეგად, ზემოაღნიშნულ საარჩევნო უბნებზე შედეგები უცვლელი დარჩა. გადათვლებს მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტურზე 274 საარჩევნო უბნის მონაცემები არის გადათვლილი.
აქვე წარმოგიდგენთ საჩივრების თაობაზე დეტალურ სტატისტიკას:
გადათვლა/ბათილობის/შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით სულ წარმოდგენილი იყო 139 საჩივარი. აქედან, პოლიტიკური პარტიების მიერ – 73, ხოლო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ – 66.
მათ შორის დაკმაყოფილდა – 8, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 19, არ დაკმაყოფილდა – 83, განუხილველი დარჩა – 28 და განხილვაშია – 1 საჩივარი.
ასევე გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით – კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში:
სულ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო 492 საჩივარი. მათ შორის დაკმაყოფილდა – 62, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 36, არ დაკმაყოფილდა – 297, განუხილველი დარჩა – 51, გაითხოვეს – 4 საჩივარი და განხილვაშია – 42.” – განაცხადა იოსელიანმა.
როგორც ცესკოში აღნიშნავენ, საარჩევნო ადმინისტრაცია გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკო აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.