ერთ მშვენიერ დღეს თქვენი მოსიყვარულე ვაჟიშვილი ან გოგო უხეში და ნერვიული ხდება. არ ესმის არც რჩევა, არც შენიშვნა. ეს პრობლემა ძალიან ბევრ მშობელს უჩნდება, როცა შვილი 12-13 წლის ხდება. მსგავსი, მეტ-ნაკლებად ინტენსიური პრობლემებით შეწუხებული მშობლები ხშირად იქ ეძებენ ამოცანის ამოხსნის გასაღებს, სადაც მისი პოვნის შანსი ნაკლებია. ამ პროცესში ავიწყდებათ მთავარი – მათი შვილი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პიროვნებაა, რომელიც სამყაროში საკუთარ ადგილს ეძებს. ზოგს უფრო ადვილად უგებენ ოჯახში, ზოგი კი თანამოაზრეებს სხვა სამყაროში ეძებს, სადაც ყოველთვის კარგი რჩევებით არ “უმასპინძლდებიან.”
როგორ აგვარებენ მშობლები შვილებთან ურთიერთობაში პრობლემებს, ამის გასარკვევა ერთი ოჯახის მაგალითზე კოკას დედას რამდენიმე კითხვა დავუსვით. მ.თ-ის თქმით, რთულია იყო მოზარდის დედა, რადგან გამუდმებით გიწევს ნერვიულობა, არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც მას ავნებს.
„კოკა ხშირად უხასიათოდაა, რადგან არ ვაძლევ უფლებას, ყველა გადაწყვეტილება თავად მიიღოს, თავი დიდი გონია და ყოველთვის ამბობს: „მე უკვე დიდი ვარ“, არ ესმის, რატომ ვნერვიულობ და ვურეკავ ღამის 1საათზე, როცა სახლში არაა,“ – გვიყევბა კოკას დედა.
რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე ხშირად მოზარდებს და რაში გამოიხატება გარდატეხის ასაკის ნიშნები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მშობლები ამ მოცემულობას და რას წარმოადგენს „ნორმა“, ამ თემაზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე.
„ადამიანი განვითარების პერიოდში გადის რამდენიმე კრიზისულ ასაკს. გარდამავალი ასაკი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიზისული პერიოდია, როდესაც ადამიანის არა მარტო ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება და განვითარების ახალ საფეხურზე გადადის, არამედ ფიზიოლოგიურ დონეზეც ძალიან სერიოზული ცვლილებები მიდის. მოზარდისთვის რთულია ადაპტირების პერიოდი, შეგუებისთვის საკუთარ სხეულთან, საკუთარ ხმასთან, საკუთარ მდგომარეობასთან, ამას ემატება სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები, მოზარდს აქვს განცდა, რომ ის უკვე დიდია, მას გააჩნია თავის აზრი და იწყებს დასაბუთებულად დამტკიცებას საკუთრი აზრის, არაფერი ამაში ცუდი არ არის.
მშობლები არ აღიარებენ, რომ მათი შვილი გაიზარდა. კონტროლი არის ძველებური: დროის, სივრცის, მისი ცხოვრების, რომელსაც მოზარდი რა თქმა უნდა, ვერ ეგუება. ოჯახმა თუ არ აგრძნობინა, რომ მას უსმენენ, მისი აზრი მნიშვნელოვანია, მას შეიძლება მთელი ცხოვრება დარჩეს განცდა, რომ არ უსმენენ,“ – განმარტავს ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, ნორმაა, რომ ბავშვს უჩნდება საკუთარი აზრი, საკუთარი შეხედულება, პროტესტი, ოჯახში უნდა მოსინჯოს თავისი ძალები, უნდა ისწავლოს ბრძოლა და თვითდამკვიდრება, ოჯახში თუ არ მიეცა ამის საშუალება, ამას სოციუმი არ მისცემს.
„ოჯახი, სადაც არის სითბო და სიყვარული, არის ბავშვისთვის იდეალური გარემო, რაც არ უნდა ხდებოდეს გარეთ, ოჯახის მხარდაჭერა და სიყვარული მას ყველაფერს გადაატანინებს,“ – აცხადებს ტაბუციძე.
ფსიქოლოგის აზრით, მოზარდი რაც უფრო დაკავებულია სხვადასხვა აქტივობებით: მუსიკა, ხელოვნება, სპორტი, რაიმე გატაცება, რაც უფრო სავსეა მისი ცხოვრება, მით უფრო მინიმუმამდეა დაყვანილი სოციუმისთვის მიუღებელი ქცევები. რაც უფრო თავისუფალია ბავშვი და თავის ნებაზეა მიშვებული, მით მეტია ალბათობა, რომ ცუდი დასასრული ქონდეს მის ახირებებს.
რა პრობლემები იჩენს თავს მოზარდებში და როგორ უმკლავდება სკოლა ზოგადად ამ ტიპის გამოწვევებს, პედაგოგი მაკა ჭყონია გვპასუხობს.
„ამ დროს მოზარდი ყველაფერს მწვავედ აღიქვამს, არ აინტერესებს ის, რაც ადრე აინტერესებდა, არ მოსწონს საკუთარი თავი, აქვს დაბალი თვითშეფასების უნარი, საშინლად გაღიზიანებული და აგრესიული ხდება. პედაგოგის მიდგომა ამ დროს უნდა იყოს ძალიან ფაქიზი… რადგანაც მას დიდი როლი აქვს მოზარდის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იზრუნოს მისი თვითშეფასების ამაღლებაზე, პოზიტიური კომენტარებით, შექებით, წახილისებით, მოტივაციის გაზრდით,“ – ამბობს მაკა ჭყონია.
14 წლის ა.ა: გამუდმებით მეუბნებიან შენ პატარა ხარ, ჩვენ უკეთ ვიცით რა გინდა და რა არაო, ამის მოსმენა მაღიზიანებს. ხშირად ვკამათობ მშობლებთან.
ფსიქოლოგები ამბობენ: არასდროს ისე შორს არ დგას ადამიანი და სამყარო, როგორც ამ პერიოდში, ანუ გარდატეხის ასაკში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასურველია მოზარდს მივცეთ უფლება, იგრძნოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. სასურველია მოზარდს მოვექცეთ, როგორც თანატოლს და არ მოგვერიდოს რჩევა ვკითხოთ მათ, ვინც ჩვენზე უკეთ იცის, როგორ გავუმკლავდეთ პრობლემებს, რომელიც თავს იჩენს.
თამთა კიღურაძე