გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის 2018-2021 წლების საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობა ნუშის და კაკლის მწარმოებელმა ფერმერებმა და აღნიშნულ აგროინდუსტრიაში ჩართულმა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
„სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები 2013 წლიდან ხორციელდება. ათეულობით მილიონი ლარია ჩადებული როგორც პირველად წარმოებაში, ისე გადამმუშავებელ და შემნახველ მეურნეობაში. ეს ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია. უახლოეს 5-6 წელიწადში, როგორც ნუში, ისე კაკალი, იქცევა ძალიან მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციად. სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების ხელშეწყობა გრძელდება, უკვე მომზადებულია როგორც ნუშის, ისე კაკლის მიმართულებით ტექნიკური რეგლამენტი და მას მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს. ეს დოკუმენტები ხელს უწყობს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ვალდებულების შესრულებას და ისეთი საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, რომელიც მიაწოდებს ქვეყნის შიდა ბაზარს მაღალხარისხიან პროდუქციას და, ამავე დროს, დააკმაყოფილებს ყველა ევროპული თუ არაევროპული ქვეყნის მოთხოვნებს”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ, 2020 წლის დეკემბერში, USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მხარდაჭერა მიიღო, რომლის ფარგლებში აქტიურად დაიწყო ამ აგროინდუსტრიის გაძლიერების ღონისძიებების განხორციელება.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლაშა ჯუღელის განცხადებით ასოციაცია 2018 წელს შეიქმნა და, დღეისათვის, მასში გაერთიანებულია 30-ზე მეტი ფერმერი; ასოციაციასთან 800-მდე მწარმოებელი თანამშრომლობს.