2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ დარბევის ღამეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საპოლიციო ღონისძიებას სადამსჯელო ღონისძიების სახით ატარებდა.
პროკურორმა გიორგი მუჯირმა ამის შესახებ დღეს, საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
მუჯირის თქმით, მიტინგის დარბევა დაიწყო ლოზუნგით – მეტი დაკავებული, მეტი პრემია:
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებული, რომელიც როგორც ჟურნალისტი, აქციას აშუქებდა. საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას, მისთვის უნდა მიეცათ ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ტერიტორია თავისუფლად დაეტოვებინა, სამართალდამცავები ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ საპოლიციო ღონისძიება რეალურად სადამსჯელო ღონისძიების სახეს ატარებდა ლოზუნგით – მეტი დაკავებული, მეტი პრემია. ეს ლოზუნგი იმჟამინდელი კუდ-ის ხელმძღვანელის დავით ახალაიასი გახლდათ და სწორედ ამ ლოზუნგით იქნა დაწყებული მიტინგის დარბევა”, – თქვა პროკურორმა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
აღნიშნული აქციის დარბევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული.
დღეს ჩვენებას აძლევდა დაზარალებული, გაზეთ “რეზონანსის” ყოფილი ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე, რომელიც აქციას აშუქებდა და რომელსაც აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს – დავით ახალაიას, გიორგი ლორთქიფანიძეს, ვასილ ლელუაშვილს, რევაზ შიუკაშვილს და ლევან ქარდავას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ჩადენილს ძალადობით ედავებიან.