LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე რუსული მუსიკალური პროექტის Ну-ка, все вместе! ჟიურის წევრად მიიწვიეს

2070
NUCABUZALADZE

ნუცა ბუზალაძე, მიუხედავად პანდემიისა, აქტიურ მუსიკალურ და სასცენო მუშაობას განაგრძობს. ახლახან ის უკრაინაში მიიწვიეს, სადაც კონცერტზე გამოვიდა და ერთი სიმღერა შეასრულა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ, ნუცა გეგმავს, რომ უკრაინაში სოლოკონცერტი გამართოს, ისევე, როგროც თბილისში.

გარდა ამისა, ის რუსული მუსიკალური პროექტის Ну-ка, все вместе! ჟიურის წევრად მიიწვიეს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ექსკლუზიურად გაგვანდო. შეგახსენებთ, რომ ის ამ პროექტის ორგზის მონაწილე და ფინალისტია.

ნუცა, შენთან საუბარს უკრაინის ამბებით დავიწყებთ…

უკრაინაში მიმიწვიეს ოდესის ფილარმონიაში გამართულ კონცერტზე. სხვათა შორის, კარგად მოვასწარით, რადგან ამ ღონისძიების შემდეგ, უკრაინაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო აიკრძალა კონცერტების გამართვა.

უკრაინაში ქართველებზე გიჟდებიან. ჩემი სოლოკონცერტიც უკვე დავაანონსეთ, მაგრამ ალბათ, უახლოეს პერიოდში არ გაიმართება, რადგან კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ ძალიან აიწია და ხალხს ეშინია კონცერტებზე სიარულის. უკრაინელი ხალხი უყურებდა იმ პროექტს, სადაც გამოვდიოდი და ძალიან თბილად მიმიღეს. ხომ იცი, მე ერთ ადგილას არასდროს ვჩერდები და ხვალ სად ვიქნები, არავინ იცის, ამიტომ მხოლოდ ერთ ქვეყანაში გაჩერება არ მინდა… უკრაინაში შეგვიძლია კონცერტის გაკეთება და რატომაც არა.

ოდესის ფილარმონიაში შევასრულე ფრანგულენოვანი სიმღერა და ძალიან დიდი და თბილი აპლოდისმენტები მივიღე.

ამ გამოსვლისას ულამაზესი კაბა გეცვა, რომელიც ქართველ დიზაინერს ეკუთვნის…

ეს კაბა თაკო მექვაბიძის კოლექციიდანაა. ზოგადად, იმიჯის შექმნაში ძალიან მეხმარებიან ქართველი დიზაინერები, რომელთაც აქვთ ძალიან განსხვავებული და ორიგინალური ხედვა და როცა მაცვია ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი, ყოველთვის ყურადღებას ვიქცევ. რა არის იცით, მთავარი? რომ დიზაინერმა და არტისტმა ერთად კარგად იმუშაონ. ყოველთვის ვცდილობ, გავითვალისწინო ყველა დეტალი, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ და მათ ხედვას მოვერგო. რასაკვირველია, დიზაინერებს ვუხსნი, როგორ ვიმოძრავებ, რა სიმღერას შევასრულებ და ისინიც ითვალისწინებენ ამ ყველაფერს. თაკო მექვაბიძესთან ძალიან კომფორტულად ვმუშაობ. სანამ რამეს ვიტყვი, უკვე იცის, რა უნდა ჩამაცვას.

ზოგადად, მომღერლის ჩაცმულობას ყველგან დიდ ყურადღებას აქცევენ. ყოველთვის ვცდილობ, ისეთი რამ მეცვას, რომ ყურებად ღირდეს.

შენი მეორე კაბა, რომელიც ახლხან პრივატულ საღამოზე გეცვა, თეთრი ფერისაა, ლამაზი ხელებით – ამის მსგავსი კაბები ვნახეთ ადელისა და ლედი გაგას გამოსვლების დროსაც…

ეს კაბა „ინსტაგრამზე“ სულ შემთხვევით შემხვდა. საკუთარი თავი უცებ წარმოვიდგინე ამ კაბაში. საპატარძლო მაღაზიიდან ვიყიდე (იღიმის). ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით, ხელები. ზოგადად, სცენაზე რაც უფრო ბრჭყვიალებ, უფრო კარგია. ამ კაბას ისე ლამაზად ეცემოდა განათება, რომ მთელი დარბაზი ააბრჭყვიალა.

ნუცა, კიდევ რამე სიახლე ხომ არ გაქვს შემოქმედებითი კუთხით?

ძალიან მინდა, სოლოკონცერტი თბილისში გავაკეთო – არ ვიცი, რა განწყობა იქნება ქვეყანაში და როგორი საშუალება კონცერტის გასაკეთებლად, მაგრამ წინასაახალწლოდ ვფიქრობდი და ვნახოთ.

გარდა ამისა, ახლახან მიმიწვიეს რუსული პროექტის ჟიურის წევრად. Ну-ка, все вместе!-ს ასკაციან ჟიურიში ვიქნები. ეს შეთავაზება მივიღე მას შემდეგ, რაც კომპოზიტორი, რომელმაც სიმღერა დამიწერა, თბილისში იყო ჩამოსული. მან მითხრა, რომ პროდიუსერებს ჩემი მიწვევა სურდათ და რა თქმა უნდა, დავთანხმდი. გადაღებები ორ თვეში დაიწყება. არ ვიცი, როგორი იქნება ჟიურის წევრობა. ჩაწერები დიდხანს გრძელდება, ბევრ მომღერალს უსმენენ და ძალიან დამღლელი იქნება, ალბათ, მაგრამ ორმაგად ვინერვიულებ ყველა კონკურსანტზე, რადგან თავადაც მაქვს გავლილი ეს გზა.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები