„დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები შევიკრიბებით პარლამენტის წინ და დავიწყებთ ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისთვის!“, – ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა „სირცხვილია“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია და ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებთან დაბრუნების ერთადერთ გზად მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი რჩება.
„სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითოეული ჩვენგანის მტკიცე ერთობა შეუქცევადი გამარჯვების გზაა.
ნიკა მელია: დღეს საღამოს 7:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, გაგაცნობთ ჩვენი ბრძოლის გეგმას
„ბოლო რამდენიმე წელია, მიუხედავად ცალსახად დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმის ქონისა, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია მხოლოდ არჩევნებითა და მშვიდობიანი პროტესტით ხედავდა და ხედავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას.
თუმცა, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აწ უკვე ერთადერთი შემორჩენილი ხელშემწყობი თავისუფალი არჩევნები – ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა.
არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელში, ყველა სხვა პოლიტიკური პროცესის მსგავსად, სპეცოპერაციად იქცა, რომელშიც ძირითად როლს ძალოვანი უწყებები, კორუმპირებული ცესკო და დიდძალი ფული ასრულებს.
ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად დაშინებისა და არნახული ტერორის, სიძულვილზე აგებული კამპანიის, ადამიანების მოსყიდვის, მუქარის, პროპაგანდის სრულად ამუშავების, დარღვევების, კარუსელების, ბიულეტენების ჩაყრის, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ერთი სიტყვით, სახის ბოლომდე სრულად დაკარგვის შემდეგ – თავისივე დამორჩილებული ცესკოთითაც კი, სხვაობა ოპოზიციონერ და სამთავრობო კანდიდატებს შორის მინიმალურია.
ხალხმა დააფიქსირა ნება, რომ აღარ გვსურს ერთპარტიულ, ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრება.
ახლა, ან დავიცავთ დემოკრატიას საქართველოში და დავიცავთ საკუთარ ხმას, ან ბოლომდე დავემონებით მას, ვისთვისაც ამ ქვეყანაში ყველა მისგან განსხვავებული სახელმწიფოს მტერია.
ეს ბრძოლა სახალხოა და არა პარტიული. ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მომავალი ათწლეულების მანძილზე და ახლა დაშვებული შეცდომა ან გაუბედაობა, აუცილებლად მიგვიყვანს ისტორიულ, შეუქცევად მარცხამდე. თითოეული ჩვენგანის მტკიცე ერთობა კი პირიქით, შეუქცევადი გამარჯვების გზაა.
ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია და ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებთან დაბრუნების ერთადერთ გზად მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი რჩება.
ამიტომ დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები შევიკრიბებით პარლამენტის წინ და დავიწყებთ ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისთვის!“, – წერია ინფორმაციაში.