საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას ბრიფინგზე განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება იქმნებოდა ეკრანიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის, თითქოს იყო აყალმაყალი სხვადასხვა უბნებზე, საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას. იცით, რომ რამდენიმე პროვოკატორი „ნაციონალური მოძრაობის“ იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით და შემდეგ გათავისუფლებული. გვქონდა ძირითადად იგივე სიტუაცია, როგორიც იყო 2 ოქტომბერს, იყვნენ იგივე ადამიანები მათ შორის და იგივე უბნები დაახლოებით. ზუგდიდის რაიონში და თბილისის რამდენიმე უბანში იყო ძირითადად ინციდენტები. ასე რომ საერთო ჯამში მთელმა პროცესმა ჩაიარა საკმაოდ მშვიდად, მიუხედავად იმისა, როგორ ცდილობდნენ ზოგიერთები ეს პროცესი წარმოეჩინათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
20.00 საათზე კანონის თანახმად საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა შეწყდა. ამჟამად უბნებში ხმებს ითვლიან.
როგორც ცესკოში აცხადებენ, პირველად შედეგებს მოგვიანებით გამოაცხადებენ, ზუსტი დრო კი ჯერჯერობით უცნობია.
ცესკოს ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49.09% იყო.