LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა ბიზნესის აქტიური ჩართულობით წარიმართება

53
20171207131548821786571

ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევების ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენის შესაძლებლობაზე იმსჯელეს საქართველოს ბიზნესასოციაციაში, ბიზნესასოციაციის წევრმა და მოწვეულმა კომპანიებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით იმუშაოს ისეთ მარეგულირებელ ნორმებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნა გამომდინარეობს ევროკავშირის კანონდებლობასთან ჰარმონიზაციის მოთხოვნიდან, ამიტომაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საჭიროებს შესაბამის რეგულაციებს. თუმცა, ახალი მარეგულირებელი ნორმების დადგენამდე საკითხის მნიშვნელობა და სპეციფიკა მოითხოვს სახელმწიფოსა და ბიზნესსუბიექტების აქტიურ კომუნიკაციას სასურველი შედეგის მისაღწევად.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობას, რადგანაც საავტომობილო ტრანსპორტზე რეგულაციების შემოღებას აზრი არ ექნება მანამ, სანამ საავტომობილო საწვავი არ იქნება შესაბამისი სტანდარტით წარმოდგენილი.

„საქართველოს ბიზნესასოციაცია ეფექტიანად თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაც ასოციაციის უმთავრესი პრიორიტეტია გამომდინარე ჩვენი მოსახლეობის ეკოლოგიური გარემოს უსაფრთხოების მნიშვნელობიდან. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ საჭიროა გარკვეული რეგულაციის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენას. აღნიშნული უზრუნველყოფს როგორც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს არსებობას მომავალში, ასევე დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე,“ – განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები