საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემამ Visa „ფინანსური განათლების წლის“ ფარგლებში, საზოგადოებას „ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსია წარუდგინეს.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, “ფინანსური ფეხბურთი“ ინტერაქტიული ონლაინ თამაშია, რომელიც გათვლილია, როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ისე ზრდასრულ მოსახლეობაზეც. მის მიზანს მათთვის პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების სწავლება წარმოადგენს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მემორანდუმს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა და VISA-ს CEMEA რეგიონის სამთავრობო ურთიერთობების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოან მარკესმა მოაწერეს ხელი.
სებ-ის განმარტებით, „ფინანსური ფეხბურთი“ „ფიფას“ მსოფლიო თასის (FIFA World Cup™) ბრენდის ქვეშ შემუშავებული თამაში და ამავე დროს, Visa-ს ინოვაციური საერთაშორისო ინიციატივის ნაწილია, რომლის მიზანსაც მოზარდებსა და ზრდასრულ მოსახლეობაში პირადი ფინანსების მართვის შესახებ ცოდნის ამაღლება წარმოადგენს. ვიდეოთამაში აერთიანებს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტს – ფეხბურთს – და ფინანსური განათლების არაერთგზის დაჯილდოებულ საერთაშორისო კურიკულუმს.
“ფინანსური ფეხბურთი“ სწრაფი და დინამიური თამაშია, რომლის ფარგლებშიც მოთამაშეებმა პირადი ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უნდა უპასუხონ, რათა მოედანზე წინ წაიწიონ და გოლი გაიტანონ. თამაშში სამი დონის სირთულის შეკითხვებია მოცემული: შეკითხვები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზრდასრული ადამიანებისთვის. ვიდეოთამაშის ფორმატიდან გამომდინარე, მასში შეიძლება ჩაერთოს ერთი მოთამაშე, ან მოხდეს გუნდების დაპირისპირება. თამაშის განმავლობაში მოთამაშეები შეისწავლიან დაზოგვის, პასუხისმგებლიანი ხარჯვის, ბიუჯეტირებისა და გონივრული სესხების ძირითად პრინციპებს.
ვიდეოთამაშს თან ერთვის სასწავლო მოდულები და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი რჩევები, რაც საშუალებას იძლევა ფინანსური განათლების ეს პროექტი საგაკვეთილო პროგრამის ნაწილი გახდეს”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში. მათივე ცნობით, თითოეული მოდული შეიცავს სავარჯიშოებს, რომლებიც მოთამაშეთა ცოდნის შემოწმებას ემსახურება.
„ფინანსური განათლება მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს აუცილებელ ნაწილსა და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 21-ე საუკუნეში ფინანსური განათლება ერთ-ერთ არსებით ცხოვრებისეულ უნარად მიიჩნევა; აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობაში ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის ფინანსური განათლების რესურსების ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, 2018 წელი „ფინანსური განათლების წლად” გამოცხადდა. ციფრული თამაშები ფინანსური განათლების გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ არხს წარმოადგენს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში; ამრიგად, Visa-სთან თანამშრომლობით ქართულ ბაზარზე მორგებული „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშის განვითარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში დაზოგვის, პირადი ფინანსების მართვის, სესხების, ფინანსური მომსახურებებისა და ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების შესახებ ცოდნის ამაღლების მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ფინანსური განათლების ფარგლებში Visa-სთან ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა.
„უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, Visa კერძო სექტორის ლიდერია ისეთი ინოვაციური და უფასო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით, რომლებიც ადამიანებს ეხმარება ეფექტურად შეისწავლონ პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპები, მათ შორის, ბიუჯეტირების, დაზოგვის, პასუხისმგებლიანი ხარჯვისა და გონივრული სესხების კუთხით. ფინანსური წიგნიერების ამაღლებისკენ მიმართული პროგრამები საზოგადოების თითოეული წევრისთვის სასარგებლოა, რამდენადაც ეს პროგრამები მათ იმ ცოდნას, უნარებსა და თავდაჯერებულობას სძენს, რაც აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ვითანამშრომლოთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რათა ერთობლივი ძალებით ხელი შევუწყოთ ფინანსური განათლების პლატფორმის შექმნას. ამავე დროს ვიმედოვნებთ, რომ „ფინანსური ფეხბურთი“ ადგილობრივი სკოლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახალგაზრდებთან ფინანსური განათლების საკითხებზე მუშაობენ, მნიშვნელოვანი რესურსი გახდება“, – განაცხადა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში, დიმიტრო კრეპაკმა.
ცნობისთვის, დღეისათვის, „ფინანსურ ფეხბურთს“ 5 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს, და ის 42 ქვეყანაში, 16 ენაზე არის ხელმისაწვდომი. ქართულენოვანი „ფინანსური ფეხბურთის“ თამაში უფასოა და ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: ge.financialfootball.com