LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს – ომბუდსმენი

44

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წევრების ავტორობით მომზადებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს და თანმდევ ცვლილებებს. კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ამ პროცესს, თუმცა მიიჩნევს, რომ  წარმოდგენილი ცვლილებებით ადგილი აქვს პირთა ფართო წრის მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას, რაც აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში  დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კი განმარტავს ტერმინს „თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურე“ და გვთავაზობს კონკრეტული ორგანოების ვრცელ ჩამონათვალს. ცვლილებებით ფართოვდება პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დღეს მოქმედი რედაქცია შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლებას უკრძალავს შეიარაღებული ძალების, შეიარაღებული სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულების მოსამსახურეებს. ამ პირთა წრისთვის მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა არა ერთხელ გამხდარა საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის (ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად) მწვავე კრიტიკის საგანი.

“წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არა თუ ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნული სტანდარტით, არამედ გვთავაზობს სახელმწიფო ორგანოების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებშიც დასაქმებულ პირებზე ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვა. ამასთან, უკვე წლებია ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს მთელ რიგ ორგანოებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირებისა და ამავე დაწესებულებაში დასაქმებული სამოქალაქო პერსონალის გამიჯვნის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუმართლებლად ფართოა იმ პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების ბლანკეტური აკრძალვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესში განხორციელდეს მსგავსი გამიჯვნა, რაც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზს და დაადგენს უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს,” –  ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ცვლილებების საკანონმდებლო განხილვის შემდგომ პროცესში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები