LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაქტიკულად, კონსესუსს მივაღწიეთ – “სითი ინსტიტუტმა” მერიას გენგეგმა წარუდგინა

112

“სითი ინსტიტუტ საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა უკვე დაასრულა და დედაქალაქის მერიას წარუდგინა. ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, მამუკა სალუქვაძე „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.

სალუქვაძის ინფორმაციით, მერია გენგეგმის დოკუმენტს რამდენიმე დღეში მიიღებს და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის. როგორც სალუქვაძე აცხადებს, დოკუმენტზე მერიას შენიშვნები სავარაუდოდ, აღარ ექნება, რადგან ყველა შესწორება დოკუმენტში მერიის თანხმობით და მოთხოვნით შევიდა.

„ოქტომბრამდე გარდამავალი პერიოდი იქნება, როდესაც ძველი დოკუმენტი ახლით უნდა შეიცვალოს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება საკანონმდებლო საკითხების მოსაწესრიგებლად, ინსტიტუციური საკითხები თავად მერიაში უნდა გადაწყდეს და ჩვენ ამაში დავეხმარებით.

დოკუმენტში ძირეული, პრინციპებისა და გადაწყვეტების ცვლილება არ მომხდარა. საუბარია რიგითობაზე, უფრო გამსხვილდა საკითხები, ღონისძიებები და გამოიყო პირველი რიგის ამოცანები. მერია პრაქტიკულად, თვითონ ჩაერთო და განსაზღვრა, რას მოერევა პირველ ეტაპზე, პირველ 5 წელიწადში რა იქნება მისთვის დაძლევადი,“ – განაცხადა სალუქვაძემ.

რაც შეეხება ცვლილებებს, სალუქვაძის თქმით, პირველი ცვლილება, რაც ძალიან მალე დაიწყება ქალაქში, იქნება კვლევების ჩატარება, ჩარჩო და განაშენიანების გეგმების შემუშავება, მათ შორის, საპარკო პროექტების მიმართულებით.

„სავარაუდოდ, პროექტირება მოხდება დიღმის ტყეპარკთან და თემქის პარკთან დაკავშირებით. აგრეთვე, ბევრ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე გამოცხადდება კონკურსი და გაკეთდება ჩარჩო-გეგმები. მოხდება კვლევა და პროექტირება ამ ტერიტორიების, რომელიც სასწრაფოდ ჩარევას ითხოვს, მაგალითად, შინდისი-წავკისის მიმართულებით, თბილისის ზღვისა და დიდი დიღმის ტერიტორიებზე. ეს ის ტერიტორიებია, სადაც ქაოტური განაშენიანებები იყო და გაცემულია ნებართვები. ასევე ვიცით, რომ ლისზე ჩარჩო-გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია,“ – აღნიშნა სალუქვაძემ.

რაც შეეხება 140 ათას ლარიან ჯარიმას, როგორც სალუქვაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი, ჯარიმა მაინც უნდა გადაიხადონ; თუმცა, სალუქვაძე არ გამორიცხავს რომ ჯარიმის კანონიერებაზე სასამართლოში იდავონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები