LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბასიანის“ დამფუძნებელი შს მინისტრს ნარკოტიკებზე პასუხისმგებლობას აკისრებს

87

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელმა პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა. ზვიად გელბახიანი გამომძიებლის შეკითხვებს 3 საათზე მეტ ხანს პასუხობდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ზვიად გელბახიანმა განაცხადა, მასთან სამართალდამცავებს კითხვები ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

გელბახიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა, კლუბში ნარკოტიკის შეღწევასთან დაკავშირებით, მაშინ შს მინისტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საზღვარზე ნარკოტიკების შემოტანაზე და გადადგეს.

„იმ შემთხვევაში თუ საზღვარზე შემოდის ნარკოტიკები, მაშინ ყოველი შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ამის გამო. ეს ქსელია და პრობლემაა. აქ არ მზადდება ნარკოტიკები და მაშინ დღესვე მოუწევს გახარიას განცხადების დაწერა და გადადგომა. თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას ვკიდებ, რატომ იპარება საზღვარზე. მის კომპეტენციაში შედის, რომ არ შემოიპაროს,“ – განაცხადა ზვიად გელბახიანმა.

გელბახიანი კლუბ “ბასიანის” წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაზე საუბრობს. გელბახიანი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც „გალერი“ გახსნილია, მას უჩნდება ეჭვი, რომ „ბასიანის“ გახსნა შეგნებულად ჭიანურდება.

„გალერი“ არის გახსნილი და „ბასიანი“ კვლავ დახურულია. ეს კიდევ ღიმილის მომგვრელია ჩემთვის. მე გამიჩნდება და გამიმყარდება ეჭვი, რომ თუ „ბასიანის“ გახსნა გადაიდო კიდევ, მას შემდეგ რაც „გალერი“ გახსნილია, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული. იქიდან გამომდინარე, რომ „ბასიანი“ და „თეთრი ხმაური“ ამ შემთხვევაში ერთობლივი ძალებით არიან ჩართულები ამ სისტემის წინააღმდეგ და სისტემის გადაცდომის წინააღმდეგ. გამიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამიტომ, ასე ვთქვათ არის გადადებული „ბასიანის“ გახსნა, ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ “ბასიანი” ისჯება,“ – განაცხადა ზვიად გელბახიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის მისთვის უცნობია, როდის გაიხსნება კლუბი, რადგან შს მინისტრი 4-5 დღეს ასახელებს, ხოლო მისი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი 2-3 კვირაზე საუბრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები