62 გამარჯვებული ათამდე ნომინაციაში – საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს და რკინიგზელებს სხვადასხვა ჯილდო გადასცეს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მენეჯმენტის წევრებთან ერთად, ხაშურსა და თბილისში გამარჯვებულებს სიგელები და სამკერდე ნიშნები პირადად გადასცა.
არსებული პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია რკინიგზელთა დღის მასშტაბური აღნიშვნა ვერ ხერხდება. მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის – საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა კომპანიის მრავალწლიანი ტრადიციაა. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები – ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ყოველწლიურად სპეციალური კომისია ასახელებს. საქართველოს რკინიგზაში იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს თანამშრომლებს პროფესიულ წარმატებას მასშტაბურ ღონისძიებაზე მიულოცავენ.