გუშინ მედიაში ევროპარლამენტარების წერილი გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში საბოლოოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა და სააკაშვილის პატიმრობაც სამართლიან სასამართლო პროცესამდე უნდა შეწყდეს.
“ფორმულას” ინფორმაციით, განცხადების ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა, მიმართვას კი ასევე ხელს აწერენ ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები.
აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმიანება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და წერს, რომ მან ჯერ არ იცის, თუ რომელი ევროპარლამენტარები “გააცურეს” ამ წერილით და ვინ დაემორჩილა მას, თუმცა ვინც ეს გააკეთა, ქარუმაძის თქმით, საქართველოს მეგობარი არ არის:
“მე ჯერ არ ვიცი, რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს ამ წერილით. მძულს ამის თქმა, მაგრამ ვინც ეს გააკეთა, ძალიან შორს არის საქართველოსთან მეგობრობისგან.
ევროკავშირს ამ რეგიონში ძლიერი და გამძლე პარტნიორი სჭირდება და არა მხოლოდ სუსტი და უსარგებლო ტერიტორიის ნაწილი.” – წერს ქარუმიძე.
I don’t know yet which MEPs fell for this letter. I hate to say it, but those who did are too far from being friends of #Georgia. #EuropeanUnion needs a strong & resilient partner in this region, not just a weak & useless chunk of territory. 1/2 https://t.co/yd1RvCpS33
— Levan Karumidze (@KarumidzeL) October 14, 2021
ქარუმიძემ მოგვიანებით კიდევ ერთი ტვიტი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ნამდვილ მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპარლამენტში, რათა ჭეშმარიტი, დასავლური დემოკრატია კიდევ უფრო გაამყარონ:
“ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ჩართულობას ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რომ ავაშენოთ კიდევ უფრო ნამდვილი, დასავლური დემოკრატია, რომელიც რეალურ, ევროპულ ღირებულებებს ემყარება. ჩვენ გვჯერა, რომ კანონის უზენაესობა დასავლური ცივილიზაციის საფუძველია. Მადლობა და ნახვამდის”, – წერს ქარუმიძე.