LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას” წარმომადგენელი მადრიდში გამართულ მედია სამიტს ესწრება

131

მადრიდში საერთაშორისო მედია სამიტი გაიხსნა. ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონია გუშინ გაიმართა, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” კი ერთადერთი მედიასაშუალებაა საქართველოდან, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში, აღნიშნულ სამიტზე მონაწილეობს.

“Egta ceo top exec’s summit 2018” წელს 17-18 მაისს ტარდება და მისი მთავარი მიზანი, ტრადიციული მედია საშუალებებისთვის (ტელევიზია, რადიო) ციფრული ტექნოლოგიების გაცნობაა.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას” სამიტზე მისი გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე წარმოადგენს. „ჩვენ ერთადერთი რადიომაუწყებელი ვართ საქართველოდან, რომელსაც წილად გვხვდა პატივი, მიწვეული ვყოფილიყავით ამ სამიტზე, როგორც უმსხვილესი და ყველაზე რეიტინგული რადიოჰოლდინგი ჩვენს ქვეყანაში. 2 დღის განმავლობაში სამიტზე განიხილება თემები, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღევანდელი ტრადიციული მედიასაშუალებები – ტელევიზია და რადიო, რა მიმართულებებით უნდა განვითარდნენ ისინი და რა არის მსოფლიო ტრენდები. ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ინტერნეტმედიის უსწრაფესი განვითარებისა, რადიო მაინც სტაბილურად ინარჩუნებს თავის პოზიციებს მედია ბაზარზე და ამავდროულად, ზრდის საკუთარ შესაძლებლობებს ინტერნეტმედიის მიმართულებით. ყოველივე ეს კი, ემთხვევა ჩვენი რადიოკომპანიის ამჟამინდელ მდგომარეობას და უახლოესი განვითარების სტრატეგიას,” – აცხადებს თამარ ჩიგოგიძე.

მისივე თქმით, სამიტზე საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ტელევიზიასა და რადიოს ინტერნეტ ეპოქის პირობებში აქვს.

“Egta ceo top exec’s summit 2018” წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო სამიტს, რომელზეც სპიკერებად მოწვეულები არიან პროფესიონალი, დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომლებიც საკუთარ ცოდნას უზიარებენ კონფერენციის მონაწილეებს. სპიკერები სხვადასხვა ევროპული მედიასაშუალებებისა და კომპანიების მფლობელები და წარმომადგენლები არიან. იმართება რადიო და ტელევიზიის სესიები, სადაც სამიტის მონაწილეები მსჯელობენ მედიის მომავალზე; როგორ უნდა შემუშავდეს მედიის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მომდევნო წლებზე იქნება გათვლილი; როგორ უნდა მიაღწიონ რადიოსა და ტელევიზიის მფლობელებმა აუდიტორიის ოპტიმალურ რაოდენობას ციფრულ მედიაშიც.

სამიტზე გამომსვლელები საუბრობენ იმაზეც, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს რადიოსა და ტელევიზიის სარეკლამო ინდუსტრია, როგორ უნდა შეიქმნას ინოვაციური აუდიო-ვიდეო პროდუქტი, როგორ უნდა გამოვიყენოთ ციფრული პლატფორმები და ტექნოლოგიები რადიოსა და ტელევიზიაში.

ცნობისთვის, ასოციაცია egta 1974  წელს დაარსდა სპეციალურად იმ მარკეტებისთვის, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან სარეკლამო გადაწყვეტილებებს. Egta აერთიანებს 40 წვეყნის 140-მდე წევრს. ასოციაციის ორგანიზებით კი, ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ტიპის სამიტი და კონფერენცია. აღსანიშნავია, რომ egta-ს წევრი საქართველო 2013 წლიდანაა, მას ამ ასოციაციაში კომპანია “ინტერ-მედია” და მისი დამფუძნებელი ზუკა გუმბარიძე წარმოადგენს, რომელიც “რუსთავი 2”-ის სარეკლამო დროის გაყიდვას ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები