„პროკურატურა ვალდებულია ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და დასაჯოს ყველა პირი, ვინც უკანონოდ უსმენდა ადამიანების კერძო საუბრებს, მათ შორის ის პირები, ვინც ბრძანებას გასცემდნენ უკანონო მოსმენების შესახებ,“– ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ აცხადებს და ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის 30 სექტემბერს GDI-მ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და დაცვის ქვეშ მყოფი პირების საუბრების მოსმენა/მიყურადების კანონიერების გადამოწმება მოითხოვა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული წერილში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის გადამოწმების შედეგად, მითითებულ მოსმენა/მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით, არ გამოვლენილა გარემოებები, რაც განმცხადებელთა (კანონიერი მოსმენა/მიყურადების შემთხვევაში) ინფორმირების ვალდებულებას წარმოშობდა.
შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა GDI-ს განცხადება გადააგზავნა თბილისის პროკურატურაში რეაგირებისთვის.
„აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ GDI-ს დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ განხორციელებული მოსმენა/მიყურადება კანონიერი არ ყოფილა. საქმე ეხება 2021 წლის 14 სექტემბერს, სხვადასხვა მედია საშუალების მეშვეობით, გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, უკანონოდ უსმენდა სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა პირების პირად საუბრებს. გავრცელებული მასალის მოცულობა მიუთითებს, რომ უკანონო მოსმენებს ჰქონდა სისტემური ხასიათი,“- ვკითხულობთ GDI-ის განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, GDI იცავს ჟურნალისტების: ქეთი ნადიბაიძის, მარტა ქურასბედიანის, მარიამ გეგუჩაძის, ნოდარ რუხაძის, თათუშა არველაძის, ნანუკა ბრეგაძისა და პარლამენტის წევრი, თინა ბოკუჩავას ინტერესებს.
ჟურნალისტებმა და პარლამენტის წევრმა გავრცელებულ მასალაში აღმოაჩინეს ინფორმაცია თავიანთი საუბრების უკანონო მიყურადების შესახებ. მათ უშუალო ზიანი მიადგათ დანაშაულის შედეგად, შეილახა მათი კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება.
„აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს, GDI-მ ბენეფიციართა სახელით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურას მიმართა. აღნიშნულ მოთხოვნას პროკურატურამ პასუხი არ გასცა, მიუხედავად იმისა რომ ევალებოდა ადვოკატის მოთხოვნაზე 48 საათის განმავლობაში გამოეცა დადგენილება და დაზარალებულად ეცნო ან უარი ეთქვა, უკანონო მოსმენების მსხვერპლებისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.
მოთხოვნის უგულებელყოფის გამო, GDI-მ 2021 წლის 8 ოქტომბერს ზემდგომი პროკურორის სახელზე წარადგინა საჩივარი და მოითხოვა უკანონო მოსმენების მსხვერპლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით, აღნიშნულ განცხადებაზეც დღემდე GDI-ს პროკურატურისგან პასუხი არ მიუღია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
GDI მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და დასაჯოს ყველა პირი, ვინც უკანონოდ უსმენდა ადამიანების კერძო საუბრებს, მათ შორის ის პირები, ვინც ბრძანებას გასცემდნენ უკანონო მოსმენების შესახებ.
ამასთან, მათივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დანაშაულის მსხვერპლებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რათა მათ შეძლონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებებით, მათ შორის საქმის მასალების გაცნობის ან/და საქმის მასალების ასლების მიღების უფლებით სარგებლობა.