LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მღვდელმთავრები სააკაშვილზე ცხადად გამოხატავენ თავიანთ აზრს, მნიშვნელოვანია, ილია მეორეც გამოვიდეს კონკრეტული პოზიციით: ნუგზარ წიკლაური

98
ნუგზარ წიკლაური

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ მასშტაბურ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ხვალინდელი აქციის მიზანი, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურში გამარჯვების მოპოვება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

წიკლაური ასევე აცხადებს, რომ ხვალინდელი აქციით შეეცდებიან დასავლეთს დაანახონ ის რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი.

„ევროპული საქართველოს“, „ლელო საქართველოსთვის“, „მოქალაქეების“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდნენ, ნუგზარ წიკლაურისთვის გაუგებარია და აცხადებს, რომ პოლიტიკური სოლიდარობა სჭირდება არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ სოლიდარობა სჭირდება ზოგადად თავისუფლების იდეას ამ ქვეყანაში.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობამ და მის მიმართ ასეთმა მოპყრობამ, გააშიშვლა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქის მიმართ.

წიკლაური ასევე ეხმიანება სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს და ამბობს, რომ თავისი პოზიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც უნდა გამოხატოს.

ცვლილება მეორე ტურის შედეგებში და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხვალინდელი აქციის მიზანია. ამავე დროს ვფიქრობ, რომ ეს აქცია ორი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, ერთი – ქვეყნის შიგნით იმის დემონსტრაციისა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია, მისი იზოლაცია იყო ხელოვნური ამ ქვეყნიდან და მეორე – დასავლეთმა უნდა ნახოს ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ეს ადამიანი არის იზოლირებული ქართული პოლიტიკური სივრციდან და საქართველო და ქართველი ხალხი ითხოვს, რომ მას ჰქონდეს ისეთივე ლეგიტიმაცია, როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული. სიტყვები დიდი სახალხო ლეგიტიმაცია, მიმაჩნია რომ ყველაზე უფრო ზედგამოჭრილია იმ ვითარებისთვის, რაც ხვალ იქნება თბილისის ქუჩებში.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პატიმართან დაკავშირებით, არსებობდეს ერთიანი პოზიცია. მე არ მახსენდება საქართველოში პოლიტიკური ლიდერი, რომლის უსამართლო დაკავების დროს იქ არ ვყოფილიყავი პირადად მე. შესაძლოა არაფერი მაკავშირებდეს ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ, როდესაც ის დააკავეს და ცხადი იყო მისი დაკავების პოლიტიკური მოტივები მეც იქ ვიყავი. პოლიტიკური სოლიდარობა სჭირდება არეა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ სოლიდარობა სჭირდება ზოგადად თავისუფლების იდეას ამ ქვეყანაში. დაგეგმილ აქციას „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“ და „რესპუბლიკური პარტია“ არ უერთდებიან. ჩემთვის გაუგებარია, ის მოტივაცია და ის არგუმენტაცია, რომლითაც ცდილობენ თავისი ამ ნაბიჯის აღქმას.

ახლა მთავარია ვინ გააცნობიერებს ახალ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობამ და მის მიმართ ასეთმა მოპყრობამ, გააშიშვლა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქის მიმართ. საქართველოს მოქალაქე მათთვის არის ადამიანი, რომელიც უნდა გაძარცვო, რომელსაც უნდა უსმინო, რომლის საძინებელშიც უნდა იცხოვრო. მათ შეუძლიათ ჟურნალისტები დაასისხლიანონ და მოკლან, ამიტომ შემოუერთდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები ხვალინდელ აქციას ეს მათი გადასაწყვეტია. იმ გადაწყევეტილების მიხედვით, რასაც ისინი ახლა მიიღებენ, შემდგომ უკვე მათი ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას და არ მგონია, რომ პოლიტიკური პროცესისგან თავის არიდება იყოს ის, რაც გაახარებს მათ ამომრჩეველს.

ბოლო 2 დღეა ქართული ეკლესიის გააქტიურებას ვხედავთ. ისეთი მღვდელმთავრებიც კი, რომლებიც ადრე არ ჩანდნენ ხოლმე პოლიტიკური ბატალიების შეფასებისას, ახლა გამოჩნდნენ და სულ უფრო და უფრო ცხადად გამოხატავენ თავიანთ აზრს, რომ არ შეიძლება ადამიანის უფლებები ასე შელახო. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გამოვიდეს კონკრეტული პოზიციით. ეს არ არის კონკრეტული საკითხი, ეს საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება“, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

ნუგზარ წიკლაური ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ზარქუას განცხადებასაც ეხმიანება, რომელმაც ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით თქვა, რომ „შეიკრიბებიან, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან – ესეც მათი უფლებაა“. წიკლაურის განმარტებით, ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები „ყველაზე პლებეური და პრიმიტიულია, რომელიც ამ ხელისუფლების არსს გამოხატავს.

ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები არიან ადამიანები, რომელთა სიტყვასაც ფასიც აღარ აქვს, აღარც მათ ინფორმაციას არ აქვს სანდოობა. მათი გამონათქვამები ყველაზე უფრო პლებეური, ყველაზე უფრო პრიმიტიულია, რაც მთლიანად ამ ხელისუფლების არსს გამოხატავს. 

დგება ახალი რეალობა საქართველოში და თუ ვინმემ ვერ გააცნობიერებს ამ პირობებს ეს მისი პრობლემაა.

გასაგებია ზარქუას მოტივაცია, რომ როგორმე შეინარჩუნონ ხელისუფლება, ძარცვის, კორუფციის და ხალხზე ბატონობის უფლება. ჩვენ გვახსოვს საბჭოთა კავშირი, რომელსაც ასეთი გამონათქვამებიც ჰქონდათ და კაცზე თითო ავტომატიც ჰქონდათ გამზადებული თავისუფლების ჩასახშობად“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები