“თეთრი ხმაურის მოძრაობაში” აცხადებენ, რომ გუშინდელ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერ მიიღეს ბოდიშის სამართლებრივი და პოლიტიკური დასტური.
როგორც “თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული, შსს უკანონო დაკავებებსა და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე ამბობს, რომ მათთან განცხადებები არ შესულა, თუმცა გადაცდომების არსებობას არ გამორიცხავს.
„ოპერაციის საფუძვლად შსს ასახელებს მანამდე არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 12 მაისის ღამეს კლუბებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა, რეალიზაციის ფაქტებს ჰქონოდა ადგილი, თუმცა როგორც მოგვიანებით ვნახეთ, სპეცოპერაციის დღეს კლუბებში არც ერთი რეალიზატორი არ დაუკავებიათ. მეორე მიზეზად სამინისტრო უცნობი სუბსტანციის გამოჩენის ფონზე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს. ითქვა, რომ მათ იციან კლუბ ბასიანის ადმინისტრაცია გარეული არაა რეალიზაციის საქმეში, მაგრამ ეს გარემოება ღონისძიებას ვერ შეაკავებდა. რაც შეეხება კლუბ “გალერის”, მათი თქმით, კლუბის ერთ-ერთი თანამშრომლის პასუხისმგებლობა იკვეთებოდა, რომელიც დაკავებულია კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა შიგნით. ვერ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი თუ რატომ “ბასიანი”, “გალერი”, და “ბლოუ-ბარი“, როცა სასამართლოს განჩინება ჩხრეკაზე გაცემული იყო სხვა კლუბებზეც”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომიკურია, რომ შეიარაღებული სპეციალური რაზმის შესვლა მათ დაცვის მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობის თავიდან აცილებით გაამართლეს.
„სამინისტრო არ მიიჩნევს, რომ დაირღვა შეკრების და მანიფესტაციის უფლება, ხალხის პოლიციის კორდონებით ხელოვნურად განცალკევებას ისინი გზის გადაკეტვის თავიდან აცილების მიზნით ხსნიან.
შსს უკანონო დაკავებებსა და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე ამბობს, რომ მათთან განცხადებები არ შესულა, თუმცა გადაცდომების არსებობას არ გამორიცხავს. ადმინისტრაციულად დაკავებულთა მიმართ კი სასამართლო დავები ამ დრომდე არ დაწყებულა. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა უკლებლივ ყველა დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, რაზეც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ჩვენი უკმაყოფილება გამოწვეული იყო შეცდომის უმნიშვნელო აღიარებით, რადგან გუშინ ჩვენ ვერ მივიღეთ მინისტრის ბოდიშის სამართლებრივი და პოლიტიკური დასტური”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შს-ში მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის მინისტრიც ჩართვაც მოითხოვეს.
„რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, დავაყენეთ მოთხოვნა შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, ნარკოპოლიტიკა მომხმარებელთა ნაწილში სწორედ ამ უწყების პრეროგატივა უნდა გახდეს. მოთხოვნაზე მივიღეთ მზაობა და ველით დროის შეთანხმებას. შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია, უკიდურესი ვადა არის ამ კვირის შაბათი. სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუ გადავინაცვლებთ საპროტესტო რეჟიმში”, – აღნიშნულია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებაში.