LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: თუ “ნაციონალური მოძრაობა” კერძო აქციას ჩაატარებს, ჩანგალზე ვერ მივალთ

74
პაატა მანჯგალაძე

“ნაციონალური მოძრაობა” 14 ოქტომბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია კი სხვადასხვა მიზეზით აცხადებს, რომ ამ აქციას არ შეუერთდება.

“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ნაციონალური მოძრაობა” კერძო აქციას ჩაატარებს და პარტიებთან კონსულტაციები არ იქნება, “ჩანგალზე ვერ მივლენ”.

მისივე განცხადებით, როცა საკითხი ეხება პოლიტიკური დევნის შეჩერებას, სამართლიან არჩევნებს, ეს ვერ იქნება ერთპარტიული და ამ დროს ყველა ადამიანი სოლიდარული უნდა იყოს:

“თუ “ნაციონალური მოძრაობა” კერძო აქციას ჩაატარებს და არ იქნება კონსულტაციები პარტიებთან, “ჩანგალზე” ვერ მივალთ.

აქციები გამოწვეულია საქართველოში არსებული უსამართლობით, პოლიტიკური დევნით, იმით, რომ სამართლიანი არჩევნები და  სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, ეს აქციები არ არის პარტიული და თუ ის არ არის პარტიული, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც ერთი ადამიანი, ვაპირებ, მივიდე ამ აქციაზე.

რაც შეეხება სააკაშვილის პატიმრობის საკითხს, ის პატიმარია იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო 9 წლის მანძილზე სამართლიანი სასამართლოს შექმნა, რეფორმების განხორციელება, სამუშაო ადგილების შექმნა. ის, რომ დღეს უწევს სააკაშვილის და ყველა ოპონენტის მიმართ ანგარიშსწორება, ეს არის მათი უსაქმურობის, უნიათობის და სიბრიყვის დამსახურება. ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, ყველა პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული, ჩაითვლება პოლიტპატიმრად. როცა საკითხი ეხება პოლიტიკური დევნის შეჩერებას, სამართლიან არჩევნებს, ეს ვერ იქნება ერთპარტიული, აქ უნდა იყოს ყველა ადამიანი სოლიდარული.” – თქვა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბრერს “ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, აქცია არ არის კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობის” და ის არის ყველა იმ ადამიანის, რომელიც თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.