LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპრომისი თუ ხმაური გამარჯვებისთვის – როგორი იქნება ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, ისევ ბუნდოვანია

დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა, გადადგეს შს მინისტრი, დაისაჯოს 12 მაისის “შავი პარასკევის” ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი – ამ მოთხოვნებით მართავდა აქციას პარლამენტის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ 2 დღის განმავლობაში. თუმცა, აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის „ბოდიშის“ შემდეგ დაიშალა. „თეთრი ხმაურის მოძრაობაში“ თქვეს, რომ აქციას გარკვეული შედეგი მოჰყვა და თავადაც კომპრომისზე მიდიან, თუმცა, საზოგადოების ნაწილი ასე ფიქრობს:

„აქციის მონაწილეები თავის იტყუებენ, შედეგს მივაღწიეთო, თუმცა რაში მდგომარეობს ეს შედეგი, ძნელი გამოსათქმელია. მინისტრმა პირობითი ბოდიში მოიხადა: თუ ჩემებმა რამე დააშავეს, ბოდიშს გიხდით, თუ თქვენებმა დააშავეს პოლიციასთან, თქვენ მოიხადეთო. ესაა შედეგი?

შედეგს ნამდვილად მიაღწია კონტრაქციამ და ხელისუფლებამ: აქცია დაიშალა ზოგადი და ბუნდოვანი დაპირებების ფასად. რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ ამ ორის მიზანი რეალურად საერთო იყო. მინისტრმა ღიად დააყვედრა კიდეც: მადლობა გვითხარით, რომ ამ ხალხს არ ვაცემინეთ თქვენი თავიო,“ აღნიშნავს პოლიტოლოგი გია ნოდია.

იმავე დღეს განსხვავებული მოსაზრებები დაფიქსირდა თავად აქციის ორგანიზატორებშიც. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით სუბელიანმა შს მინისტრთან შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილება ვერ დამალა და პოზიცია საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გააჟღერა.

„ასეთი ბექა არ მახსოვს. დაიხია ხალხის, ჩვენი სახელით შესულმა ჯგუფმა უკან. გაყიდულად ვგრძნობ თავს“.

სუბელიანის კრიტიკის ადრესატმა თანაგუნდელს მალევე უპასუხა და საზოგადოებას განუმარტა, რომ სუბელიანის განცხადება კომუნიკაციის პრობლემა იყო და იმ შემთხვევაში, თუ დაპირებები არ შესრულდება, აქციები განახლდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, წიქარიშვილმა იქვე, წინასწარ მომავალი აქციის თარიღიც დააანონსა.

 

დაპირებები და პირველი შეხვედრა

13 მაისს პარლამენტთან აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გამოჩენამდე, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ბერა ივანიშვილის ხმოვანი მესიჯები. ახალ კლიპში ბერა ივანიშვილი მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას ითხოვს.

აქციაზე მინისტრმა ბოდიში მოიხადა და დემონსტრანტებს სპეცოპერაციის დროს შესაძლო გადაცდომების გამოძიება და ნარკოპოლიტიკაზე მუშაობის პროცესში თანამშრომლობა შესთავაზა.

სწორედ პარასკევი ღამის სპეცოპერაციის დეტალები უნდა განეხილათ პირველ შეხვედრაზეც, თუმცა, ამ დრომდე მხოლოდ ტექნიკური საკითხებია დაზუსტებული. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას და მასთან დაკავშირებულ საერთო პრინციპებს, არასამთავრობო ორგანიზაციები და შსს რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, რომელიც გიორგი გახარიამ გაახმოვანა:

  • ნარკორეალიზაცია არის ამ ქვეყნის პრობლმა და მაშინ, როდესაც შსს-ს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ შეზღუდავს მისი მოქმედების არეალს.
  • შსს არასამთავრობო სექტორთან ერთად განიხილავს პარასკევი ღამის სპეცოპერაციის დეტალებს და შესაძლო გადაცდომებს.
  • შეიქმნება 2 სამუშაო ჯგუფი, მათგან ერთი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს, მეორე კი, 12 მაისის მოვლენებზე და ის დელეგირებული იქნება ომბუდსმენის ოფისში.

მინისტრმა კიდევ ერთ საინტერესო გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით სახელმწიფოს რამდენიმე სერიოზული ფორმატი აქვს ჩამოყალიბებული. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კი, მასთან დაკავშირებული მოსაზრებების მოსმენა მოხდება. რაზე მიიღწევა შეთანხმება, ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ამბობს, რომ აქციის დაშლით ისინი კომპრომისზე უკვე წავიდნენ და მეტ კომპრომისს ვეღარ დაუშვებენ.

 

აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში

ბერას ახალ კლიპს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველო ლეგალიზებისთვის მზად არ არის. ლევან კობერიძე, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე შემუშავებული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, ამბობს, რომ დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რაც შეიძლება ამ მხრივ გაკეთდეს. კობერიძე აღნიშნავს, რომ არც ერთი ნარკოტიკის, მათ შორის, არც მარიხუანის ლეგალიზებას ემხრობა. თუმცა, არც დეკრიმინალიზაციაა ის გამოსავალი, რომელზეც მმართველი გუნდი ერთსულოვნად შეთანხმდება.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რადიკალურად მკაცრი პოზიციებიც დაფიქსირდა. „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ნარკოტიკის ნებისმიერი დოზისთვის ადამიანებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ მომხმარებელი პატიმრობით არ დაისაჯოს, მას მკურნალობა სჭირდება და უნდა ჩაითვალოს, როგორც დაავადებული ადამიანისისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლში თუ ჯიბეში. ჩვენ, “მწვანეთა პარტიასმკაცრი პოზიცია გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

დაპირისპირებაა უმრავლესობის იმ ნაწილშიც, რომელიც ლიბერალიზაციის მხარდამჭერებად მოიაზრებიან. ძირითადი აზრთა სხვდასხვაობა კი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკის ოდენობებს უკავშირდება. ირკვევა ისიც, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული უთანხმოების გამო, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით შესაძლოა, ორი კანონპროექტი მომზადდეს.

„მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა არის თუ სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის. ოდენობები პირადი მოხმარების სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების მიხედვით რამდენი უნდა იყოს – აქ არის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა.  იმედი მაქვს შევჯერდებით. მაშინ ორი ალტერნატიული ვარიანტი გამოვა. სარეიტინგო კენჭისყრა გვექნება შიგნით უმრავლესობაში და საბოლოოდ გამოვიტანთ იმ ვარიანტს, რომელსაც უმრავლესობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ნარკოპოლიტიკაზე უმრავლესობაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, თუმცა, აღნიშნავს, რომ შეჯერების რესურსი არსებობს. მისივე განმარტებით, სურთ, რომ 2 კვირის განმავლობაში მოამზადონ კანონპროექტი, ხოლო მისი მიღება ივნისის ბოლომდე უნდა მოხდეს.

კანონპროექტის დარეგისტრიორებამდე, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ. ოპოზიციას მასთან მწვავე შეკითხვები აქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ კლუბებში განვითარებული მოვლენები ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლასთან კავშირში არ არის. პარტიის პოზიციაა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, ზრუნვაზე ორიენტირებულმა ნარკოპოლიტიკამ ჩაანაცვლოს.

„ის, რაც მოხდა, თვალებში ნაცრის შეყრაა, რადგან ნარკოგამსაღებლებთან ბრძოლას რეალურად სხვანაირი მიმართულება, პირველ რიგში, საზღვრის დაცვა სჭირდება,“ ამბობს ხატია დეკანოიძე.

დაახლოებით ასეთივე კითხვები აქვს „ევროპულ საქართველოსაც“. დეპუტატი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ შს მინისტრი პარლამენტში უმცირესობის ფორმატში შეხვედრაზე დაიბარეს და არა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

გიორგი ტუღუში ითხოვს, რომ შს მინისტრი ცალკე ოპოზიციასაც შეხვდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მინისტრმა კანონი დაიცვას და მოვიდეს, როდესაც საპარლამენტო უმცირესობა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად იბარებს. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რეალურად მიმდინარეობს თუ არა ბრძოლა გამსაღებლებთან. მნიშნველოვანია კონტრაქციასთან და სხვადასხვა ფაშისტურ ლოზუნგებთან დაკავშირებით მოვისმინოთ პასუხები, რომლებიც იქ გაისმოდა, – აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

პარლამენტში თითქმის ერთი წელია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე დარეგისტრირებულია კანონპროექტი, რომელზეც „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, თუმცა, ამ დრომდე მას მხარი მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტმა დაუჭირა. მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან ირკვევა, რომ ის არა არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ, არამედ ახალ კანონპროექტზე საუბრობს. რამდენად მისაღები იქნება ის არასამთავრობო სექტორისთვის, მოუწევს თუ არა „თეთრი ხმაურის მოძრაობას“ კიდევ ერთ კომპრომისზე წასვლა თუ აქციების ახალ ტალღას უნდა ველოდოთ, უახლოესი 2 კვირის მანძილზე უნდა გაირკვეს.

 

თაკო ივანიაძე