ბათუმში, 8 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც არსებული მონაცემებით 9 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 3 მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება და აცხადებს, რომ მათთვის მომხდარი უბედური შემთხვევა ორმაგად ტრაგიკულია, რადგან მას მცირეწლოვანი ბავშვები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ.
განათლების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ყველა გარდაცვლილის ოჯახს.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა.
ჩვენთვის ორმაგად ტრაგიკულია მომხდარი შემთხვევა, რადგან მას მცირეწლოვანი ბავშვები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ.
ეს არის სრულიად საქართველოსთვის უდიდესი ტრაგედია, ტკივილი და დანაკარგი.
სამძიმარს ვუცხადებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ მეგობრებს, ახლობლებს და გამძლეობას ვუსურვებთ“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.