საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, – ამის შესახებ “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
წიქარიშვილმა საპატრულო პოლიციას შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნო.
„სამწუხაროდ, ჩვენ შორის შეთანხმება ვერ შედგა. საკითხი ეხებოდა იმას, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას. ხალხის საკმარისი რაოდენობა არის ამისთვის. საპატრულო პოლიცია ფიქრობს, რომ არასაკმარისია ხალხის რაოდენობა. ეს გვიბიძგებს, რომ მეტი მოვიდეთ აქ. ჩვენი მეორე მოთხოვნა იყო, რომ სპეცრაზმი გავიდეს ტერიტორიიდან. იქნებ კიდევ ერთხელ გადახედოთ ხალხის რაოდენობას და იქნებ დაგვითმოთ ქუჩა. ველოდებით თქვენგან პოზიტიურ ნაბიჯს“, – განაცხადა წიქარიშვილმა.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე უნდა მიიტანონ ტექნიკა, რასაც ასევე დიდი ადგილი დასჭირდება.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი – თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე – დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე – დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.