პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნაზე, პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა იქნება.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ კენჭისყრის დაწყებამდე ნიკა მელია არ გაიწვევს უკან თავის მოთხოვნას, პარლამენტი საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
“საქართველოს პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით და უარი თქვა უარი თქვა მანდატების მასობრივ შეწყვეტაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა მოლაპარაკება და ის შედეგი, რომ დღეს ოპოზიცია არის პარლამენტში. რაც შეეხება ნიკანორ მელიას, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ხელახლა მიმართა პარლამენტს მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით.
კენჭისყრა ამ საკითხზე ჩატარდება დღევანდელ სხდომაზე. თუ ის დღეს, კენჭისყრამდე არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას უკან და ამაზე პოლიტიკურ განცხადებას არ გააკეთებს, რომ მას სურს მანდატის შენარჩუნება პარლამენტში, რასაკვირველია, პარლამენტი ვალდებული იქნება და ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,”- აცხადებს თალაკვაძე.