ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის განცხადებით, საარჩევნო დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა დაფიქსირდა ცალკეული ძალადობრივი ფაქტები.
როგორც ალბერტ იონსონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიმდინარე არჩევნებში გამოკვეთილ პრობლემას არ წარმოადგენდნენ ადამიანების ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო უბნების გარეთ, ამომრჩეველზე ზეგავლენას ცდილობდნენ.
„ისეთი საკითხები, როგორიც არის დამკვირვებელი მოქალაქეები, პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ერეოდნენ საარჩევნო პროცესში და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად გავლენას ახდენდნენ ამომრჩეველზე საარჩევნო უბნების გარეთ, პრობლემური აღარ იყო.
არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, ცალკეული ძალადობრივი ინციდენტებით. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა გახსნისა და ხმის მიცემის პროცესი პოზიტიურად, საარჩევნო უბნების დიდ უმრავლესობაში, სადაც ისინი აკვირდებოდნენ, თუმცა დაფიქსირდა ხალხმრავლობის მაგალითები, რომელიც იყო გამოწვევა კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებული წესების დაცვის მიმართულებით.
დათვლის პროცესი შეფასდა, როგორც გამჭვირვალე, მაგრამ უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ფიქსირდებოდა პროცედურული ხარვეზები და სირთულეები პროტოკოლის დაკმაყოფილების ნაწილში. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ სადამკვირვებლო მისია აგრძელებს მუშაობს და აკვირდება არჩევნების შემდგომ გარემოსა და პროცესებს,“- განაცხადა ალბერტ იონსონმა.