LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო – დონორი მსოფლიო ბანკია

133

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აბასთუმანში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისტორიული სახლების რეაბილიტაცია და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია.

აბასთუმანში ისტორიული სახლების პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია, ღირებულება კი დაახლოებით, 3.7 მილიონი ლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციას და მათი პირვანდელი იერსახით აღდგენას. რამდენიმე სახლზე გათვალისწინებულია ავარიული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოც. იშვიათი არქიტექტურის ხის აივნიან სახლებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვს. ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ამ პროექტის გარდა ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციაზე და მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. პროექტი დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე. მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. დღევანდელი მდგომარეობით, ადგილზე 125 ადამიანია დასაქმებული. მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2019-2021 წლებში, ასევე გეგმავს დაბა აბასთუმანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას და ურბანული განახლების პროექტს“, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები