იმაზე უარესი არაფერი შეიძლება ხდებოდეს, როდესაც რეალურად, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ არ იციან, როგორ ნარკოპოლიტიკას ატარებს ხელისუფლება – ამ ვითარებაში შეიძლება ვიღაცამ ხელი მოითბოს, ხოლო ვიღაც რეპრესიული პოლიტიკის მხვერპლი გახდეს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატების საპასუხოდ უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა გააკეთა.
“აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტის განხილვამ ერთი თვით გადაიწიოს – აქ საუბარია იმაზე, რომ ფაქტობრივად წელიწადზე მეტია, კანონპროექტი პარლამენტში დევს და არაფერი ხდება“, – განაცხადა “ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადამ კიდევ ერთხელ – ამჯერად ერთი თვით გადაიწია.
პროექტის განხილვა წამყვანი კომიტეტის – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგშია, თუმცა პროცესი სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში არ დაიწყება.
ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დასვა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა.