გერმანიის ქალაქ ტიუბინგენს შეუძლია იამაყოს იმ ფაქტით, რომ მოსახლეობის საშუალო ასაკი მთელს ქვეყანაში ყველაზე დაბალი, მხოლოდ 39 წელია. ადგილობრივთა მესამედს, ანუ დაახლოებით 25 ათას ადამიანს სტუდენტები შეადგენენ. ქალაქი ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლით გერმანიაში პირველ ადგილსაც იკავებდა, ამჯერად კი მის მერს,“მწვანეთა“ პარტიის წევრს ბორის პალმერს სურს, რომ ეკოლოგიის გაუმჯობესებისთვის პარკინგის ღირებულება ლამის 6–ჯერ გაზარდოს, თუმცა არა ყველასთვის.
დღესდღეობით ტიუბინგენის მოსახლეობას საზოგადოებრივი პარკინგი წელიწადში მხოლოდ 30 ევრო უჯდება და სატრანსპორტო საშუალების მასას, სიმძლავრეს თუ სხვა მახასიათებლებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მერს პარკინგის ღირებულების გაზრდა აქამდეც ბევრჯერ სურდა, თუმცა ქალაქის საბჭოსგან მხარდაჭერას ვერ იღებდა. საბოლოოდ მან მიზანს მაინც მიაღწია და პარკინგი 180 ევრო გახადა, თუმცა არა ყველასთვის. გაზრდილ ღირებულებას მხოლოდ ის მძღოლები გადაიხდიან, რომელთა ავტომობილის მასაც 1800 კილოგრამს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პალმერს საფასურის გაზრდა წელიწადში 360 ევრომდე სურდა, თუმცა მუნიციპალიტეტმა ჩათვალა, ასეთი მატება ცოტა ზედმეტი იქნებოდა.