სახელმწიფომ წელს 200 000 დოზა გრიპის ვაქცინა შეიძინა, საიდანაც 43 000 დოზა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული 43 000 დოზით დიალიზზე მყოფი ადამიანები, ორსულები და სამედიცინო პერსონალი აიცრება, სხვა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები კი ვაქცინის დარჩენილი დოზების მოწოდების შესაბამისად აიცრებიან.
ამასთან, ზახაშვილმა აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ახლა, რაც შეიძლება ადრე, გრიპის სეზონის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება.
„გრიპის ვაქცინაცია, ისევე, როგორც შარშან და ყოველ წელს ძალიან მნიშვნელოვანია ამ სეზონზე მზადყოფნისთვის.
განსაკუთრებით, მათთვის, ვინც გრიპით მძიმე დაავადების რისკის ქვეშ არის. შარშანდელმა სეზონმა გრიპის მხრივ საკმაოდ მშვიდად ჩაიარა, ვინაიდან, დომინანტური იყო კორონავირუსი, წელს როგორი ურთიერთობა ექნება კორონავირუსს გრიპთან უცნობია და ჩვენ ყოველკვირეულად დავაკვირდებით ორივე ვირუსს.
ერთი ცხადია და ყველა ექსპერტი იძლევა რეკომენდაციას, რომ გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია უნდა ჩატარდეს ახლა, რაც შეიძლება ადრე, გრიპის სეზონის დაწყებამდე, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება.
წელს, სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა არის შეძენილი, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნება ხელმისაწვდომი.
ამჟამად ჩამოტანილია გრიპის ვაქცინის 43 000 დოზა და დანარჩენ რაოდენობას უახლოესი კვირების განმავლობაში ველოდებით. უმაღლესი რისკის კატეგორიად განისაზღვრა ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, ესენი არიან დიალიზზე მყოფი, ორსულები და ჯანდაცვის პერსონალი. ყველა სხვა დანარჩენი რისკის ჯგუფის დაკმაყოფილება ვაქცინის შემდგომი მოწოდების შესაბამისად მოხდება“, – განაცხადა ზახაშვილმა.