LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

70
ბებუას მხარდამჭერი აქცია

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციაზე ბებუას ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ბებუას გათავისუფლება და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაა.

უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ბიძაშვილი, თამუნა ბებუას განცხადებით, ოჯახის წევრებმა ღარიბაშვილთან შეხვედრა აქამდე არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

“ის საპატიმროში ექიმმა მოინახულა და მისი თქმით, ირაკლის მდგომარეობა დამძიმდა. უნდა გათავისუფლდეს უპირობოდ და რაც შეიძლება ჩქარა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ამ პირობებში ამდენი თვის განმავლობაში იმყოფებოდეს,” – განაცხადა თამუნა ბებუამ.

მისივე თქმით, ოჯახს დაახლოებით 2 თვის წინ, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ირაკლი ანთაძესთან კომუნიკაცია ჰქონდა, რა დროსაც მას პრემიერთან შეხვედრის თხოვნით მიმართეს.

“ერთი კვირის შემდეგ მოვიკითხეთ პასუხი, გვითხრეს, რომ ბატონი ირაკლის გრაფიკი ძალიან დატვირთულია და ის შეხვედრას ვერ მოახერხებს. შემდეგ რამდენჯერმე ისევ მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა, მაგრამ პასუხი იყო ანალოგიური.ახლა ვგეგმავთ კანცელარიის შენობაში შესვლას და კვლავ მასთან შეხვედრის მოთხოვნას. გვაინტერესებს რა გეგმა და კონკრეტული ნაბიჯები არსებობს ირაკლის გასათავისუფლებლად”, – განაცხადა თამუნა ბებუამ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები