სკოლებში ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული – ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უნივერსიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ ონლაინ ფორმატით გააგრძელებენ სწავლას თუ აუდიტორიებში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია სამინისტროსთან შეთანხმებით
„4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად. ეს რა თქმა უნდა, ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. საჯარო და კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში.
ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული და სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი“, – განაცხადა ჩხენკელმა.