IPSOS-ის კვლევის შედეგებს პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. მმართველ გუნდში გამოქვეყნებულ შედეგების სისწორეში ეჭვი ეპარებათ და ამდენად, ამბობენ, რომ ის, გასაზიარებელი ვერ იქნება.
ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ კვლევამ დამშვიდების საფუძველი არ უნდა შექმნას, თუმცა ამავდროულად, ოპოზიციის მეორე ნაწილი იმასაც ამბობს, რომ შედეგებმა ივანიშვილის რეჟიმის მარცხი აჩვენა.
“ქართული ოცნების” დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საეჭვოა რა მეთოდოლოგიით ჩატარდა კვლევა და შესაბამისად, მის ნამდვილობაშიც მსგავსად ფიქრობს.
„ჩვენც გვაქვს კლვევები ჩატარებული, ჩვენც გვაქვს გარკვეული პროგნოზები, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რასაც Ipsos-ის კვლევა მიუთითებს.
არ ვიცი, რა მეთოდოლოგიით ჩატარდა, შესაბამისად, გამიჭირდება ამის დაჯერება. მაქვს ეჭვები ამის სისწორესთან, აკურატულობასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის გასაზიარებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მეორე ტური არ იქნება.
„საპროგნოზო მონაცემები ისეთი გახლავთ, რომლის მიხედვითაც მაგალითად, თბილისში და მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში არ არის მეორე ტურის საჭიროება მოსალოდნელი, პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დამაჯერებლად გამარჯვების წინა პირობა აქვთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი შეიძლება აუცილებელი ნაწილი გახდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გადასარჩენად“ – ამ განცხადებით კი კვლევას “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმს მკაფიო მარცხი ელის, თუ ჩვენი მოქალაქეები მოვლენ ამ არჩევნებზე და თავისუფალ ნებას დააფიქსირებენ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან IPSOS-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას ისიც უთხრა, რომ შესაძლოა, პროტესტიც ბრძოლის აუცილებელი ნაწილი გახდეს, თუმცა, პირველი ამოცანა მმართველი ძალის არჩევნებში დამარცხებაა, რასაც გადამწყვეტი როლი ექნება.
„საერთო სურათი ამ კვლევაში არის ის, რასაც ადასტურებს ვითარება, რომელსაც ყველა ვხედავთ და რაც სხვა კვლევებმაც გვაჩვენა, მკაფიო მარცხი ელის ივანიშვილის რეჟიმს თუ ჩვენი მოქალაქეები მოვლენ ამ არჩევნებზე, თავის თავისუფალ ნებას დააფიქსირებენ.
ერთადერთი იარაღი, რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს ახლა, გარდა უკანონო ძალადობრივი მოსყიდვისა, არის უიმედობა და მოქალაქეების არმოსვლა არჩევნებზე.
ამიტომ, მინდა ვისარგებლო და ვუთხრა ყველას, ვისაც სურს ამ დამანგრეველი კურსის ფუნდამდენტურად შეცვლა, უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და მაშინ ჩვენი მოქალაქეების ნებას წინ ვერაფერი დაუდგება.
ეს კვლევა აჩვენებს, რომ მარცხი იქნება ძალიან მძიმე, თუ მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე. სწორედ ამიტომ აკეთებენ ამ უტიფარ, ბრიყვულ განცხადებებს – „2 პროცენტიც რომ ავიღოთ, არ იქნება არჩევნები“.
სწორედ ამიტომ გავიდნენ იმ ვალდებულებიდან, რომ შედეგის ეშინიათ. ეს არის მათი ტაქტიკა, რომ მოქალაქეებში უიმედობა დანერგონ, რომ აზრი არ აქვს არჩევნებს,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი აზრით, მთავარია, ახლა დიდი მარცხი დაფიქსირდეს და შემდეგ მათი მხრიდან, წინააღმდეგობის გაწევა ურთულესი იქნება ჩვენი საზოგადოების ნებისთვის და ამ ნებაზე დაყრდნობით პარტნიორების ზეწოლისთვის.
“მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი შეიძლება აუცილებელი ნაწილი გახდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გადასარჩენად ბრძოლისთვის, ოღონდ პირველი ამოცანა ჯერ არის ივანიშვილის რეჟიმის მარცხი, რაც იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. ამ პროცესში შესაძლოა, რა თქმა უნდა, პროტესტი საჭირო გახდეს,“ – განაცხადა ბოკერიამ.
“ამ კვლევებით თავს ნუ დავიმშვიდებთ. დიახ, ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ამ კვლევებითაც ჩანს, რომ ხელისუფლების ცვლილებას მაქსიმალური აქტიურობა სჭირდება”, – ამის შესახებ კი „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს IPSOS-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
გიორგი ვაშაძე არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს რიგგარეშე არჩევნებისთვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.
„შეიძლება მშვიდობიანი პროტესტი დაგვჭირდეს და ეს ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რომლითაც უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს”,- განაცხადა ვაშაძემ.
“ზოგადად, კვლევები საქართველოში არჩევნებამდე პოლიტიკური ბრძოლის იარაღადაა გამოყენებული,” – ამის შესახებ კი პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა IPSOS-ის კვლევებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, ზოგადად, კვლევები საქართველოში გამოყენებულია არჩევნებამდე პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ამ კვლევაზე დაყრდნობით, ნიკა მელია აქვეყნებს გამარჯვებულის ტონით პოსტს, სადაც ის მეორე ადგილზეა. პირველ და მესამე ადგილზე არიან „ქართული ოცნების“ ლიდერები – ახლანდელი და წინა, რომელთა შედეგების საერთო ჯამი, მნიშვნელოვნად აღემატება მთელი ოპოზიციის რეიტინგს. ჩემი აზრით, ეს არის ან არითმეტიკის არცოდნა, ან რაოდენობრივი აზროვნების პრობლემა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ხმას კახა კალაძეს გამოკითხულთა 41% მისცემს, ნიკა მელიას – 36%, გიორგი გახარიას – 13%.
გარდა ამისა, “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში დასმული შეკითხვის საპასუხოდ: რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? (მთელი ქვეყნის მასშტაბით) – IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია:
“ქართული ოცნება” – 35 %
“ნაციონალური მოძრაობა” – 30%
“საქართველოსთვის” – 9 %
“ევროპული საქართველო” – 4%
“ხალხისთვის” – 4%
“ლელო” – 3%
“მესამე ძალა” – 3%
“ლეიბორისტული პარტია” – 3%
“გირჩი – მეტი თავისუფლება” – 2%
“პატრიოტთა ალიანსი” – 2%
“დროა” – 1%
“მოქალაქეები” – 1%
სხვა პარტიები – 3%
„მთავარი არხის” ინფორმაციით, ეს არის ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები. ანუ აქ ასახულია იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას და აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით IPSOS-ის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.