სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მოუსმინოს ლგბტ თემის წარმომადგენლებს და განიხილოს მათი პრეტენზიები.
როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ანგარიშში საუბარია ლგბტ თემის უფლებებზე და იმაზე რომ ერთ -ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საზოგადოებაში, რომელსაც ხშირად, თითქმის ყოველდღიურად ჩაგრავენ.
“ადამიანის უფლებათა კომიტეტის ვალდებულებაა, რომ საზოგადოების ყველა ის წარმომადგენელი, რომელსაც მიაჩნია, რომ არიან ყველაზე ხშირად დისკიმინირებული, მათი პრეტენზიები მოისმინოს, განიხილოს და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.
ასევე მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს აქვს განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას ეს ადამიანები. საზოგადოებაში არსებობს ძალიან უარყოფითი და სტერეოტიპული განწყობები მათ მიმართ და ასეთი მაღალი თანამდებობის პოლიტიკურ პირთა განცხადებები, პირიქით, უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ჰომოფობიური განწყობები საზოგადოებაში შეიცვალოს”- განაცხადა ლომჯარიამ.