- „ბლექ სი ჯაზფესტივალი“,რომელსაც „ისთერნ ფრომოუშენსი“ „თიბისი სტატუსთან“ ერთად წარმოადგენს, 19 ივლისს, „ბლექ სი არენაზე“, „ლედ ზეპელინის“ ლეგენდარული ფრონტმენის, რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნება. ის საქართველოში ჩამოვა ბენდთან ერთად სახელწოდებით The Sensational Space Shifters. პლანტის კონცერტის ორგანიზებისთვის ქართული მხარე განსაკუთრებულად ემზადება, ხოლო თაყვანისმცემლებს ერთი სული აქვთ, როდის შეხვდებიან ბრწყინვალე მუსიკოსს პირადად…
კიდევ ერთი სახელი, რომელიც „ბლექ სი ჯაზფესტივალს“ დაამშვენებს და ეს სიტყვა ნამდვილად შეეფერება ამ მუსიკოსს, პიანისტი რობერტ გლასპერია, რომელიც საკუთარ რეპერტუარს სხვა ბრწყინვალე კოლეგებთან ერთად (ტერას მარტინი, კრისტიან სკოტი, ატუნდე აჯუა, დერიკ ჰოდჯი, ტაილორ მაკფერინი, ჯასტინ ტაისონი) 22 ივლისს, „თეიქ ფაივში“ წარადგენს, რომელიც ჯაზფესტივალის კონცერტებისთვის გაფართოებული ტერიტორიით შეხვდება სტუმრებს. გლასპერის სახელი დღევანდელ ჯაზსცენაზე საუკეთესოდ არის წარმოჩენილი. მისი მოსმენის ასეთი საშუალება ნამდვილმა მელომანებმა ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან, რადგან რობერტ გლასპერის მოსმენისას ისეთ მუსიკალურ ტალღებს შეეხებით, რომელიც ზღვისპირას ყოფნას კიდევ უფრო მეტად დაუვიწყარს გახდის.
ტრომბონ შორთი 20 ივლისს „თეიქ ფაივის“ სცენას დაიკავებს. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ტროი ენდრიუსი, ტრომბონი კი, როგორც მიხვდით, ამ მუსიკალური ინსტრუმენტის სიყვარულით დაირქვა და სწორედ მასზე უკრავს ვირტუოზულად. ტრომბონზე დაკვრა ექვსი წლიდან ისწავლა. 2005 წელს ლენი კრავიცთან ერთად მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამოდიოდა, 2009 წელს კი საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა – Trombone Shorty & Orleans Avenue, და სწორედ მათთან ერთად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას.
20 ივლისს რიტმ ენდ ბლუზის და სოულის მოყვარულებს გელით უდიდესი სიურპრიზი. როგორც კი ტრომბონ შორთი საკუთარ გამოსვლას დაასრულებს, სცენაზე გამოჩნდება 4 „გრემის“ მფლობელი ამერიკელი შემსრულებელი, ერიკა ბადუ. ვინც თბილისის ჯაზეფესტივალზე მის კონცერტს დაესწარით, ალბათ, დღემდე გამოგყვათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, მაგრამ გაგაკვირვებთ და გეტყვით, რომ ბადუ ამჯერად სულ სხვა ამპლუაში ჩამოდის ჯაზფესტივალზე და ის დიჯეის როლში მოგვევლინება. ბადუ საყვარელ მუსიკას დაუკრავს და დარწმუნებული ვართ, კონცერტზე მყოფ ყველა სტუმარს ააცეკვებს… და არც ის გაგვიკვირდება, თუკი რამდენიმე კომპოზიციასაც შეასრულებს ქართველ მსმენელთან განმეორებითი შეხვედრისას.
დაბოლოს, შემსრულებელი, რომელსაც Fugees-ის მოყვარულები განსაკუთრებით დააფასებთ, ვაიქლეფ ჟანია (Wyclef Jean). ცნობილი პროდიუსერი, მომღერალი და რეპერი, რომელსაც არაერთი საინტერესო ნამუშევარი შეუქმნია ან შექმნაში მიუღია მონაწილეობა და უმუშავია დიდ არტისტებთან ერთად, მათ შორის უიტნი ჰიუსტონთან, კარლოს სანტანასა და ჯგუფ „Destiny’s child“–თან. ჟანი ჯაზფესტივალზე ორსაათიანი პროგრამით წარდგება, სადაც მსმენელს ელოდება დიდი სიურპრიზები, ის საკუთარ ბენდთან ერთად 21 ივლისს დადგება სცენაზე.
ჯაზფესტივალზე კონცერტების განმავლობაში მსმენელისთვის დამატებითი მუსიკალური მოტივაციის შესაქმნელად ჰაუს-ბენდი Mop Mop იზრუნებს.
ასე რომ, წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალი უამრავი საინტერესო სიურპრიზით იქნება აღსავსე, რომელსაც მუსიკალურად გაატარებთ შავი ზღვის სანაპიროზე საინტერესო მოგონებების დასაგროვებლად…
ნინო მურღულია