უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა მის მიმართ გამოტანილ ყველა განაჩენს გაასაჩივრებს. ამის შესახებ ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, პროკურატურის მხრიდან არ გასაჯაროებულა იმ საქმეების ჩამონათვალი, თუ რომელ საქმეებზე განხორციელდა მისი ექსტრადირება.
მისი თქმით, ქარდავა არც ერთ ბრალს არ აღიარებს:
“ყველა განაჩენის გასაჩივრება იგეგმება, პირველ რიგში, გეგმის შემუშავება და სტრატეგიის დაგეგმვა მოხდება. ალბათ, ყველა განაჩენს გავასაჩივრებთ და გადაწყდება, ყველა მიმდინარე პროცესზე მიიღებს თუ არა აქტიურად მონაწილეობას. გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ვადა დაკავებიდან, ექსტრადირებიდან ერთ თვეში აქვს.
სასჯელი დამდგარია 6 საქმეზე, პროკურატურა არეულია, საექსტრადიციო მასალებიც საინტერესო იქნება, რომელ საქმეზე მოხდა გადმოცემა, ეს მნიშვნელოვანია. პროკურატურის მხრიდან არ გასაჯაროებულა იმ საქმეების ჩამონათვალი, თუ რომელ საქმეებზე განხორციელდა მისი ექსტრადირება. ის არც ერთ ბრალს არ აღიარებს.” – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, მეგის ქარდავას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.