ბიზნესში დაბრუნებას არ ვაპირებ. საქმიანობას, ალბათ, სხვაგვარ ფორმატში გავაგრძელებ, – ამის შესახებ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
რჩეულიშვილის განცხადებით, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე ციხიდან, როგორც ბიზნესმენი ისე მუშაობდა.
“დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი დასრულდება” – რჩეულიშვილი
როგორც “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი აცხადებს, 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი და დანარჩენი სარემონტო ობიექტებზე მიდის დამამთავრებელი სამუშაოები.
“მთავარია, რომ თვითონ ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის ამ საქმის დასრულების გარანტორი” – განაცხადა რჩეულიშვილმა.
ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, “მაგნოლიას” ეპიზოდსაც მოიცავდა.
მაია რჩეულიშვილი საპატიმროდან დღეს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.