LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ეს მოსმენები შეიძლება ძალიან მასშტაბური იყოს: “სამართლიანი არჩევნების” დირექტორი ჩანაწერებზე

60
ნინო დოლიძე

“გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ეს მოსმენები შეიძლება ძალიან მასშტაბური იყოს და ადამიანებს არა მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, არამედ ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო საუბრებზეც კი უსმენდნენ.” – აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე და აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების წარმოება და ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა.

დოლიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში მოქალაქეებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უსმენენ ეს არის დანაშაული:

“სამოქალაქო საზოგადოება 2012 წლიდან ვაწარმოებდით კამპანიას “ეს შენ გეხება”, შემდეგ მეორე ეტაპიც გვქონდა “ეს შენ გეხება – კიდევ გვისმენენ”.

ჩვენ ამ პრობლემაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ არის ქვეყანაში უკანონო თვალთვალი, მიყურადება და მოსმენები, რომელიც არაერთხელ იქნა გამოყენებული ადამიანების წინააღმდეგ, იქნებიან ეს პოლიტიკური აქტორები, ჟურნალისტები თუ სხვა. გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ძალიან მასშტაბური შეიძლება იყოს ეს მოსმენები და ადამიანებს არა მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე უსმენდნენ, არამედ, ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო საუბრებზეც კი უსმენდნენ. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ავთენტურობის დადგენა, გამოძიების წარმოება და თუ კითხვები არსებობს ავთენტურობასთან დაკავშირებით, ესეც დადასტურდეს. ეს არის დანაშაული, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უსმენენ ადამიანებს ამ ქვეყანაში.” – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძე ასევე ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროსაც იყო მსგავსი პრობლემა, თუმცა ჩანაწერები, რომელიც ახლა გამოაშკარავდა, მოგვიანებით პერიოდს ეხება, შესაბამისად, წარმოუდგენელია, ამას ოპოზიცია აკეთებდეს. მისი თქმით, თუ ხელისუფლებას სურს, მისი ფალსიფიკაცია დაადასტუროს, გამოძიება მნიშვნელოვანია:

“რაც ხდება, ეს ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაზუსტებით შეუძლიათ თქვან, რომ ეს ჩანაწერები ფალსიფიცირებულია, დაგვიდასტურონ. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ამ ჩანაწერებს ოპოზიცია აკეთებდა და ოპოზიცია უსმენდა. წინა ხელისუფლების დროსაც იყო ეს პრობლემა, მაგრამ ჩანაწერები, რომელიც ახლა გამოაშკარავდა, მოგვიანებით პერიოდს ეხება, შესაბამისად, წარმოუდგენელია, ამას ოპოზიცია აკეთებდეს. ამიტომ თუ უნდა ხელისუფლებას დაადასტუროს ამის ფალსიფიკაცია, გამოძიება მნიშვნელოვანია.

ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვებს აქარწყლებს ის, რომ რამდენიმე ადამიანმა ახლაც და წინა მოსმენებზეც დაადასტურეს, რომ მსგავსი ტიპის საუბრები არსებობდა. გუშინ ინსპექტორის სამსახურმაც გაავრცელა განცხადება, რომ უნდა მოხდეს ავთენტურობის დადგენა და შემდეგ გამოძიება, რადგან იქ საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც თვალთვალს ახორციელებდნენ. ჩვენ დამნაშავეებიც სახეზე გვყავს, თუ ამის დადასტურება მოხდება. ამიტომ ხელისუფლების პირველადი სურვილი ამის გამოძიება უნდა იყოს, თუმცა, არ ვიცი რამდენად გვაქვს ამის მოლოდინი და იმედი, რადგან ეს მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნების პირველი შემთხვევა არ არის და სხვა შემთხვევები ამ დრომდე გამოუძიებელია.”  -აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების საუბრების მოსმენას უკავშირდება.