LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყალების კომისიის მუშაობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელიც ჩაერთვება

118

უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იმუშავებს, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესს გააუმჯობესებს. ასევე, შეწყალების კომისია გაფართოვდება და მის მუშაობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩაერთვება.

აღნიშნული შედეგებით დასრულდა დღეს გიორგი მარგველაშვილის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილისა და შეწყალების კომისიის შეხვედრა.
შეხვედრისას განიხილეს ის საკითხები, რომელიც აღნიშნულ პროცესს გააუმჯობესებს, რათა შემდგომში შესაძლო ხარვეზების თავიდან აცილება მოხდეს. სასჯელაღსრულების მინისტრმა შეხვედრა დადებითად შეაფასა.

“საქართველოს პრეზიდენტთან და შეწყალების კომისიის წევრებთან ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის ფარგლებში გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, რაც გვაქვს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით.

შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნება ინფორმაციის უფრო სწრაფი გაცვლა. აუცილებელია, ერთი მხრივ, ჰუმანური აქტები იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი მექნიზმები, რომელიც გამორიცხავს ტრაგიკულ შემთხვევებს. დაზღვეული არავინაა, დანაშაული ხდება მაშინაც კი, როდესაც ადამიანს საერთოდ არ ქონია ციხესთან შეხება. ვერასდროს გამოვრიცხავთ ასეთ შემთხვევებს, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რათა ტრაგიკული მოვლენებისგან ვიყოთ დაცული”, – განაცხადა კახიშვილმა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, მთავარი სულისკვეთება, რომ მნიშვნელოვანია პროცესის გაუმჯობესება- საერთოა. მისივე თქმით, ფაქტია, რომ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ გაურბის.

“იქნება მთელი რიგი მექნიზმები გაწერილი. ამავდროულად, მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მისაღებია მინისტრის ინიციატივა კომისიის შემადგენლობაში იყოს ჩართული სასჯელაღსრულების და პრობაციისა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი. ვფიქრობთ, ეს სამუშაო პროცესი საბოლოო ჯამში მთლიანად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები