LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ISFED წალენჯიხაში ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტზე რეაგირებას ითხოვს

71
ISFED მოსყიდვაზე

ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ [ISFED] „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ცნობით, 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას მხარდამჭერ „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი.

ISFED-ის განცხადებით, აღნიშნული ქმედება საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი „ა“ ქვეპუნქტის დარღვევას წარმოადგენს და სისხლის სამართლის კოდექსის 164”1” მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

„სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, არ მიმართონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარ ფორმებს, რომლებიც შესაძლოა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს,“ – განაცხადეს ISFED-ში.

მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის შესახებ ორგანიზაციამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.