სიტყვები, რომლითაც შეიძლება დავახასიათო საქართველო, არის „ღია ბაზარი“ და „ლიბერალური ეკონომიკა“, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო ინვესტორთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯამალ ჯარვანიმ დუბაიში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.
„მინდა შევეხო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ წარმატებას ქვეყანაში, როგორც ბიზნესის კეთების დაცულობის, ისე ბაზრის გახსნილობის კუთხით. სიტყვები, რომლითაც შეიძლება დავახასიათო საქართველო, არის „ღია ბაზარი“ და „ლიბერალური ეკონომიკა“. მე ეს ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა შევისწავლოთ საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობები“, – განაცხადა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო ინვესტორთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯამალ ჯარვანიმ.
დიმიტრი ქუმსიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დუბაის საინვესტიციო ფორუმზე გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი და შესაძლებლობები გააცნო.