ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატის, შოთა თუთბერიძის, განცხადებით, თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, რომელიც სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვას ეხება, არასერიოზული უწოდა. ადვოკატის თქმით, თბილისის მერს ამხანაგურ მატჩზე და ინციდენტის დავიწყებაზე მეტად, დანაშაულის გამოძიება უნდა აღელვებდეს.
„ცოტა არასერიოზული განცხადება მგონია, მით უმეტეს საჯარო მოხელის მხრიდან, რომელსაც, ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის გამოძიება უნდა აინტერესებდეს და აღელვებდეს, ამბობს – მოდი, დავივიწყოთ ის დანაშაული, რაც მოხდა. მე ვფიქრობ, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის დავიწყება არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან და ეს ნამდვილად არ იყო წვრილმანი ხულიგნობა ან რაიმე სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამ ეტაპზე ცხადია ვითხოვთ გამოძიების ეფექტურად, სწრაფად და ობიექტურად დასრულებას. ამის შემდეგ კი, მე არ ვიცი რამდენად ექნებათ სტუდენტებს იმ სტადიონზე თამაშის ხალისი, მაგრამ ცხადია ნებისმიერ თამაშზე ყველა შემოთავაზებას განიხილავენ ალბათ,“ – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება გამოძიებას, ადვოკატის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ნიგერიელ სტუდენტებზე განხორციელებულ ძალადობაზე აქტიურად მიმდინარეობს.